leqsebi logo
RSS
 

Archive for November, 2014

წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო..

17 Nov

წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო,
სეზონი – ბუხრების, ჩაის და პლედების…
ჩამოვსხდეთ სარკმელთან და თვალი ვადევნოთ,
ცას როგორ კვეთავენ ღრუბლები – დენდები.
ხანდახან ღიმილი ავანთოთ ღიღილოდ,
ვსვათ ჩაი, ლიმონით, პიტნით ან ჟასმინით…
წარსულის ბადაგით დავბანგოთ გონება,
მუხლებს რომ გაგვითბობს პლედები, ქაშმირის.
წვიმების სეზონი იწყება ძვირფასო.
ამ წვიმებს უთუოდ მოჰყვება ზამთარი.
ვუსმინოთ გამხმარი ფიჭვების ტკაცა-ტკუცს,
დავხუროთ ვალების და სევდის დავთარი.
შეხედე, რა მუქად, რა მალე ღამდება…
დადუმდნენ ქუჩები, პარკები, ეზონი…
იწყება ბუხრების, ჩაის და პლედების,
ერთურთის თვალებში ჩახედვის სეზონი.

მარიამ კოზმანაშვილი

 

ქურდი

15 Nov

ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო
ისე თამამი და კალმახური
ტანზე არ მაკმარა საბანი და
თავის სიმხურვალეც დამახურა.

ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები,
როგორც ქალწულობის მიტოვება,
ჩემზე გაიზმორა დალოცვილი
ისე ვნებიანად იტორება?!

სუნიც ისე ჰქონდა ალესილი-
ველურ ყვავილების სატევარი
ჩემდა უნებურად გავიფიქრე
“ღამე გამიხდება სათევარი”.

ისე დამათენა ამბორები,
ისე გადიპარა აივნიდან,
მისი უტაქტობის მონატრება
ვიცი არასოდეს გაივლიდა
დამმშვიდობებოდა მაინც!