RSS
 

უცნობი პოეტის ლექსები

21 Jan

ახლა ის დროა,როცა სულ ყველა
უნდა ხედავდეს სანატრელ სიზმარს
ახლა ის დროა,როცა ზარები
აღარ რეკავენ,უცდიან დილას.

მაგრამ ბუნებას სულ არ სურს ძილი
თეთრი ფანტელი ჩამოდის ციდან,
გათენებულზე ალბათ ბავშვები
გადათელავენ თოვლიან მიწას…

თუმცა ბუნება არ არის ერთი,
ვისაც არ სურს,რომ მოხუჭოს თვალი
ვისაც არ უნდა,რომ წარიტაცოს
სიზმრების გუნდმა ამ შუა ღამით…

ის ზის სარკმელთან და უცქერს თოვას,
უცქერს და ფიქრებს ატანს ამ ფიფქებს,
სენტიმენტები გულთან რომ მოდის
უჩვეულოა მისთვის ხომ მუდამ…

მაგრამ რა ჰქნას მან?რა ჰქნას თუ უნდა
სატრფოს მკლავებში მოქცევა წამით?
თუ უნდა ფიფქთან გაქცევა მალვით
თუ უნდა კოცნა ამ სუსხიან ღამით?!

მაგრამ სარკმელი ჩაკეტილია
ფიფქი კი დნება თანდათან დაბლა,
მას კი ერევა ფიქრები თავში
პატარა გოგო ზის მარტო სახლში…

 

საშობაო ბარათი თ.ს.-ს

21 Jan

გამოიარე ეს გზა მაშინ, როდესაც დილა-
-ხელისგულებზე გადაკეცილ ამინდებს ფიქრობს,
და ეს წერილიც ისეთივე.. – რომ თითქმის კბილი
(ღმერთმა შემინდოს) რაღა თითქმის, ტკივილი, მიკრო-
-ელექტრონული ვაგონებით, სულამდე ჩადის.

გამოიარე, დღეს შობაა, (გილოცავ აქვე),
ქუჩა, რომელიც
ეკლესიის
ეზომდე ჩადის,
ჩადის რატომღაც და ყოველთვის ბრუნდება უკან,
“მდე”-ანუ შიგნით არასოდეს. ეს ჩემი საქმე-
-ასეა ვამბობ. დღეს შობაა და მე და ქრისტე
ერთმანეთს თითქმის არც კი ვიცნობთ
და დედა სანთლებს
ანთებს ფანჯრებთან-ღიას ტოვებს, არ ვიცი რატომ,
ჰო გარეთ ცივა, ზამთარია და სახლში ვამტვრევ
სიცივეს- ლექსით, ტეხასურის გაცვეთილ კარტით.

გამოიარე ამ გზით მაშინ, როდესაც არ წვიმს,
და მზე როდესაც კინოსავით იწყება ცაზე,
დილა როდესაც სხეულიდან სიბნელეს იჭრის,
ამოახველე სულში ობლად ჩამხმარი ცარცი.
ეს ჩემი სუნთქვა, შენ კი იცი (ლექსივით უკვე),
დღითიდღე ნაკლებს რომ გამოდის კონტაქტზე ჩემთან,
რომ ერთი ჩვევა-სიგარეტი ვერ დავთმე, უკან
თუ მოვისროლე ანთებული. ჩვენთან არს ღმერთი!

გწერ სულ უბრალოდ, წერილია უთუოდ ჩემში,
და ცხოვრებაში მე პირველად გილოცავ შობას,
დგას ღამისთევა ტაძრის კართან და შიგნით შედის,
ჩემი ქუჩა კი მიუყვება თავის თავს ობლად.
გამოიარე ამ გზით მაშინ როდესაც დუმილს,
მხოლოდ მოხრილი მეეზოვეს შიშინი არღვევს,
გამოიარე… ეგ პატარა ბეღურა გული..
და უთვალებოდ გაიარე ჩემში, ამ გზაზე.

 მიშო დადიანი

 

***

23 Nov

იცი რომ წასვლაა პირველი მიზეზი
აქ მოსვლის, ამბობ ხშირად,
ეგ კარი ძვირფასო ბოლომდე გააღე,
მე სხვა სიცივით მცივა.

ექსკურსი თვალების, სხვა მხარეს გარბიან,
ასე გერევა ბრაზი,
სისუსტეს საკუთარ, ვამართლებ მარტივად,
ატანა არ გაქვს ამის.

ევა კი ხალხმრავალ ქუჩიდან მოვიდა,
შენ სულ არ გავხარ ასეთს,
საკუთარ თავთანაც არასდროს წოლილხარ,
სხვას როგორ დაგაბრალებ.

მოგყვები, ვფიქრობ, რომ ეს ჩემი მზეა და
ჩვენი საერთო პაი,
თუუმცა კი კაცი სულ მოაღალატეა,
თუნდაც თვალებით მაინც.

ავტორი:მიშო დადიანი

 

მწყემსის ჩივილი

22 Oct

თოვლ დამეყარა თმა-წვერზედ
ზამთარ მომადგა კარსაო
წლებმა პირ-სახე დაღარა
ვინ მოსთვლის ჭაღარასაო.

მთებს შავაბერდი მთის შვილი
ნათელ მააკლდა თვალსაო
აღარც ღონე მაქვს ბეჩავსა
ვინ უპატრონებს ცხვარსაო?

ერთი ქალაი მიყვარდა
ბედმა შაჰყარა სხვასაო
მასზე ფიქრი და წუხილი
ვერ გავატანე ქარსაო.

რომ მავკვდე გამიხსენებდეთ
ერთს მოხუცს თუშის კაცსაო
მარტო დამაგდეს გულ მაჰკლეს
მაინც ვლოცავდი ცასაო.

 

ფარული ვედრება

21 Sep


დილა იყო,
მზე თვალებში ამოვიდა…
გარეთ ძმები აფხიზლებდნენ ცხენებს,
ნენე იდგა იქვე როგორც ქრისტიანი
და სხვის ღმერთზე ლოცულობდა ნენე…

უყურებ და ხვდები თუ რა რისკი არი
“ქრისტე აღსდგა” – გააყოლო გამვლელს,
ბაბა კოცონს სულს სულივით უბერავდა
და ლექსივით იწყებოდა კვამლი.

შემდეგ ჩემი პატარა ძმაც იღვიძებდა
და საუბარს უძებნიდა საბაბს,
- ბაბა მინდა წავიდე და მოვინათლო,
გეხვეწები, ნუ დამიშლი ბაბა.

ნენე ცრემლებს ერეოდა
და კოროშინს იფარებდა კაბის,
- ეგ არ მითხრა თორემ ჭიშკარს გადავკეტავ
და სახლიდან არ გაგიშვებ ბაბი,

მოემზადე, ხვალ ჯამეში წიგიყვან და
შეგილოცენ მერე უკეთ იარ -
ყოველ დილით სახლში ასე საუბრობდნენ,
თუმც ჭიშკარი არ დაუკეტია

ბაბას,
ღმერთო!…
ერთხელ ისიც გავიგონე,
ნენეს უთხრა თან მოგებით ნიშნის,
ქალო შვილი არასწორად გაგიზრდია,
ზედმეტი აქვთ შვილებს ჩემი შიში,

შემდეგ სექვზე დაისვენა
და ტკივილიც შეერია ხმაში,
- სიკვდილამდე ერთხელ მაინც გამაგონე,
მოსანათლად გაგვეპარა ბავშვი!…

 

ყირამალა

25 Jul

მე რომ შემეძლოს ავისრულო ის, რაც მწადია,
მაშინ გავხდიდი ღამეს _ მზიანს, დღეს კი
მთვარიანს,
გადავაქცევდი ამ სამყაროს ასე დარდიანს _
ოცნების ქვეყნად, სადაც ყველა ფხიზლად
მთვრალია,
ადამიანნი მის ქუჩებში ფრენით დადიან
და მათ სულებში მხოლოდ სიკეთის რწმენის
მადლია,
სადაც ცხოვრება ყველა სულდგმულის სულს
უხარია
და მოსაწყენად სულ არავის აღარ სცალია,
სადაც ზეცაზე ცისარტყელების მინანქარია,
იმ ქვეყნად, სადაც ბედნიერია ყველა ძალიან!

მე ასე მინდა, მაგრამ თურმე ეს სიზმარია…

დავით აჯიაშვილი

 

“საქართველოს”

22 Jul

საქართველო, გზას მინათებს შენი ხმა,
ტკბილ სიზმრებში შენს თბილ მიწას ვკოცნი,
მენატრება ბუმბერაზი ღვინის სმა,
სადღეგრძელო გალობით და ლოცვით.
ვინ გამიგებს? მხოლოდ ღმერთი უფალი,
მმატებს ძალას, უშენობა მიმძიმს,
სჯობს ბოლომდე იყო თავისუფალი,
გული იყო შენი მკვიდრი მიწის.
გაიხაროს შენი ვაზის დიდებამ,
და ნურაფერს მოგაკლებდეს მტერი,
რაც არ უნდა დაგვაცილოს დინებამ,
მე დავრჩები საქართველოს მტვერი.

ლევან ჯაჯანიძე

 

გაზაფხული ხევსურეთში

23 May

ხევის პირ ჩამაიარა
კოკა შაედგა მხარსაო
შინ უპირებდა წაღბას
კოკით ავსებულ წყალსაო
გაზაფხულია ტყე ჰყვავის
გულიც ტყეს აძლევს ბანსაო
…………………………………..
ბედად მან ჩამაიარა
და თვალი მოჰკრა ქალსაო
ვაი, თუ ისევ დაუფრთხეს
ან რამე უთხრას ქმარსაო
მაინც წყაროზედ მიეჭრა
თვალი უწვდინა თვალსაო
………………………………… Read the rest of this entry »

 

კვდებოდა მეფე

31 Mar

უფალო,დაიცევ მეფე და ქალაქი ჩემი,
მეფე,რომელ არს სული ჩემი
და ქალაქი,გვამი ჩემი.
კვდებოდა მეფე,მძიმედ,მეფურად,
არც დანანება,არც ლაპარაკი,
სიცარიელე ქალაქს ეხურა
და ვერ ამჩნევდა ამას ქალაქი.
ცივ სასახლეში იდგა სიბნელე,
ცივ სასახლეში მეფე კვდებოდა,
იყო დუმილი გასაკვირველი
და სინანული წვეთდა ზემოდან.
მაგრამ ზეიმი იყო ქალაქში
და თაყვანს სცემდნენ ყინულის კერპებს,
თან არ იცოდა სრულად არავინ,
რომ სასახლეში კვდებოდა მეფე.
ვეღარ უძლებდა ხალხი ქეიფებს
და გიჟდებოდა ჟივილ-ხივილით,
უკანასკნელად შეკრთა ხელმწიფე
როს უცნაური იგრძნო ტკივილი.
შეიძრა მიწა,შეიძრა ზეცა,
იყო გოდება,იყო ღაღადი
და აღმართული კერპიც დაეცა,
ისე უძლური,ვითარც ქაღალდი.
დაჰქროდა ქარი,გიჟი და შმაგი,
სასახლისგანაც დარჩა სართული,
თუმც ვერ ამჩნევდა ამას ქალაქი,
ყინულის კერპის გლოვით გართული.

 

***

21 Mar

რა მშვენიერი დღეები იყო,
იწერებოდა წიგნებში ბედი,
ახლა ამ ლექსებს ნაცარი იყოფს,
მე სულელი რომ შენს სახლთან ვწერდი.

რა გულმოდგინედ უკრავდა წვიმა,
რა გულმოდგინედ მოთქვამდა ღამე,
რა კარგი იყო რომ წლების წინათ,
ლექსს მკარნახობდა სულელი მთვარე.

რა მშვენიერი დღეები მაწვიმს,
რა მშვენიერად აპრილი გვღლიდა,
რამდენი ლექსი ვწერე და დავწვი,
შენი გაცნობის პირველი დღიდან.

ნუგო გვენეტაძე

 
 
39/0.240