RSS
 

ვახუშტი კოტეტიშვილი

მე არ ვიცი

14 Jun

მე არ ვიცი, რა მიტევს, რა არის თუ ვინ?
ჩემში მარად მბორგავი, რომ არ მტოვებს შინ,
ძარღვში სისხლს მიშადრევნებს, მექაჩება წინ,
როგორც გალაკტიონის: «ტა-რა-რა-რა-ძინ!»

დღე და ღამე ჩამძახის მისი მყიფე ხმა:
_ ნურასოდეს გახდები ამა სოფლის ყმა,
მიატოვე ნადიმი, ღრეობა და სმა,
ამას გირჩევ, უბრალოდ, როგორც ღვიძლი ძმა.

ამქვეყნად საქარავნოდ მუდამ იყავ მზად,
არაფერმა არასდროს შეგაფერხოს გზად,
თუნდაც ქვეყნის სიმდიდრე რომ გიქციონ ზღვად,
იმად დარჩი, ვინცა ხარ, არ გარდიქცე სხვად.

მე ვპასუხობ: _ მოგყვები, თუმც არ ვიცი, სად?
ამ გზის ბოლოს რა მელის, ან ვიქცევი რად?
ერთი ვიცი და მისთვის მუდამ ვიყავ მზად:
ხორცი მიწად მექცევა, სული წავა ცად.

ხორცი არ მედარდება, სულს რა ელის, რა?
სული ილტვის ცისაკენ, ხორცს ვერ ვუქენ ძვრა.
აღარ ძალმიძს, მომბეზრდა ეს ძარღვების ხვრა,
ნაცრის ფუჭად ქექვა და მერე თავზე ყრა.

როდის შთამნთქას ცხოვრების უსიერმა ტყემ,
ბედითობის ღამემ თუ ავბედითმა დღემ,
როდის სად მიმატოვონ მთვარემა თუ მზემ,
უწყის ოდენ უფალმა და იმისმა ძემ.

ასე რომ, გენაცვალე, გთხოვ, დამტოვო შინ,
შენ ნუღარ გენაღვლება, რა მაწუხებს, ვინ?
მაინც კი მეამება, რომ მიმიხმობ წინ,
როგორც გალაკტიონის: «ტა-რა-რა-რა-ძინ!»

2004

 

სიყვარული

14 Jun

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!
არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება.
სიყვარული მთაში ირმის ძახილია
და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.

სიყვარული ცრემლებია დაკარგული,
იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა?
სიყვარული ტალღააო ნაკადულის,
თუ წავიდა, აღარ მოვა.

მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია,
ეს ალვები მეჩვენება გოგონებად,
ეს ლექსები მაშინდელი ქარებია
და ტკბილ-მწარე მოგონება.

შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!..

1952

 

ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო

14 Jun

ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა…

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.

 
 
23/0.200