RSS
 

ტერენტი გრანელი

(ალბათ მოვა დრო …) ტერენტი გრანელი

31 Mar

ალბათ მოვა დრო – შენც აინთები,

ახლა დარდების მძიმე წუთია.

მიწას ადგია ცა გარინდებით

და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.

არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,

ადამიანის ბედი კრულია.

დადუმებული კიდია ზარი

და თითქოს ზარი საყდრის გულია.

მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,

ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.

დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე

და ეკლესია თითქოს თოვლია.

 

MEMENTO MORI

01 Dec

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი – ეს “Memento mori”-ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა – მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები – სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო – ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი: გრანელი – პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი – ეს ”MEMENTO MORI”-ა.

 

მე და გალაკტიონი

01 Dec

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია….

 

გაზაფხულის საღამოა მშვიდი

04 Jun

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

 
 
27/0.279