შემოგვიერთდი Facebook-ზე


RSS
 

თემურ დავითაძე

1989 წლის 9 აპრილი

10 Apr

ჯავრი ნისლივით ეხვია ქედებს,
სისხლში ცურავდა ცის ამბიონი.
კვნესა აღმოხდათ შაოსან დედებს,
ისევ მდუმარედ იდგა სიონი.

იტანჯებოდა მშობელი მიწა.
მსხვერპლად შეწირულს მოგავდა ხალხი.
მზე,მთებს გადაღმა, დუმილით მიწვა
და უჟამური ჩამოწვა თალხი.

ერი,შეკრული უთქმელი ფიცით,
თითქოს გათიშეს ცეცხლის ალებით…
ამორძალების სულის სიმტკიცით,
სიკვდილს პირისპირ შეხვდნენ ქალები.

დაათარიღეს დრო ულმობელი,
ცას მიბჯენილი ცივი თვალებით…
დიდხანს სტკიოდა თბილისის ქუჩებს,
სატანის მძიმე ნატერფალები.

ვიღაც “შავლეგოს” აფრქვევს ბაგედან,
მას ხომ ქართველთა ნუგეში ჰქვიან…
წამებულ შვილთა სარკოფაგიდან,
იყივლებს სისხლი,ადრე თუ გვიან!

სიზიფეს ტანჯვით მივსდევთ აღმართებს,
რომ გადავთელოთ მტერი ვერაგი…
მარადიულის რწმენით აღგვანთებს,
ნინოს ჯვარი და ქრისტეს პერანგი.

იმ ძველ სიმღერებს კვლავაც მღერიან,
რადგან მტკიცეა ბრძოლის მიზანი.
და ერისკაცის ძახილს ელიან,
ეს მგლის ლეკვები ალგეთისანი!

 

* * * * *

31 Mar

ლამის გადაწვა ყველა სიმდიდრე,
ვერაგი მტრისგან დანთებულ ცეცხლმა.
და მაინც აღარ დაკარგა ფასი,
იუდას ხელში ჩავარდნილ ვერცხლმა.

მორღვეულია ყველა კარიბჭე.
დაწრწტილია სისხლი,ხორციდან.
მაგრამ დგას სული,შეურყეველი,
მკვდრეთით აღმდგარი,უფლის ლოცვიდან.

ცრემლს გაუფრთხილდით ავგაროზივით,
ჩემო დიდედო,დაო და დედავ.
მიმწუხრის ცაზე,ჩამავალ მზეში,
მაინც იმედის ნაპერწკალს ვხედავ.

მალე მენახოს ჩემი სამშობლო,
აღდგომის კართან – უფლის ლოცვითა.
ამას ველოდი! – იტყვის ლუხუმიც,
ქვეყნის ყველაზე მაღალ ბორცვიდან.

 

საშველი არ ჩანს

10 Mar

“ჭირსა შიგან”-ო აბა მითხარ,
რა ნუგეშია?
განწირული ვარ, აღარ მწყალობს
ბედი მზაკვრული.
მარტოსულივით მივუყვები
ცხოვრების შარას.
გაცრუებული იმედებით,
ჯვარზე გაკრული.
აუხდენელი ოცნებების
ცეცხლი მაწამებს.
და ეს კირთება,მხრებზე მაწევს
მძიმე ლოდივით.
ზოგჯერ,ყველაფერს თვალს ვარიდებ,
რომ არ დავღალო,
გონება – ფიქრით, სული – ჯვარცმით,
გული – ლოდინით.
რწმენის სიმტკიცე
შემოდგომის თოვლივით გაქრა.
ყავლგასულია
მოლოდინიც,ლოდინის გამო.
მითხარი,დრომან
უსაშველო ისეთი რა ქნა?
რომ ღირდეს,მისთვის
დავიძახო -”შეჩერდი წამო!..”
ასწლეულები
ფეხ-აკრეფით მიდიან ნელა…
უძღებ მადით და
შიმშილისგან გამომხმარ კუჭით.
ქვესკნელის დარად,
მზისქვეშეთშიც საოცრად ბნელა
და მილიონებს,
არსებობა ისევე უჭირთ…
ერის ღირსება
საჩინოა,გავიგებთ როცა -
ვის აღიარებს ერისკაცად,
რაინდს თუ ლაჩარს?
როგორც არ უნდა
გაამართლო თამაში დროსთან,
ბოლოს შენც იტყვი
სინანულით – “საშველი არ ჩანს!”

 

ლამაზ ქალბატონს

08 Mar

ეგ საოცარი ბროლის ყელი
და ფიქალ მკერდზე,
თეთრ ღილ-კილოდან ასხლეტილი
ოქროს ღილები…
ჯოკონდას ღიმად ჩამოქნილი
სახის ნაკვთები
და ეგ თვალები,მოლოდინით
გადაღლილები…
თითქოს მიხმობენ ლაჟვარდებში
სახე-ტიალო-დ
და მეც მოვადექ,შენი ზეცის
მაღალ კაბადონს…
ამ ჩემი სულის ამღერებას,
ლექსთა კონებად -
მხოლოდ შენ გიძღვნი – შენ,ყველაზე
ლამაზ ქალბატონს!

 

ავტოპორტრეტი

06 Mar

ჩვეულებრივად მოვედი ქვეყნად.
გათენებისას ვიხილე ზეცა.
მოვედი ხმატკბილ ლექსების ენად
და პოეზია ტკივილად მექცა.

უსასრულობის გზებით ვიარე
მაღალ მწვერვალებს მოვადექ ვიდრე,
ლექსად ვთარგმნიდი მიწის იარებს
და შენი რწმწნის კედელთან ვიდექ.

თუმცა მქონია ტკბობის წამები,
ცხოვრება ხშირად მიგებდა მახეს,
უჟმურ დროთაგან განაწამები
არ ვღებულობდი ბედკრულის სახეს.

ჯვარცმად ქცეული რწმენის ამარა,
ჩუმად მივყვები ვიწრო ბილიკებს,
ვიცი,მოდგება ვიგაც ავარა
და უმოწყალოდ გამაქილიკებს.

ვისაც პარნასზე ჰგონია თავი
და ოლომპოზე იდგამენ კარვებს,
გჯეროდეთ,ჩემი – ქოხივით ლექსი,
შეანგრევს მათი სასახლის კარებს!..

რაც რომ ვიარე, კარგად ვიარე,
არ მიცხოვრია შიშით და ძრწოლით.
ვის გუთნის ტართან შემოაღამდა,
ვის კიდევ – ტახტზე ნებივრად წოლით.

ვინ, ერის ნათელ მომავალს სჭედავს,
ვინ,მსახურია ფუნჯის თუ სიტყვის…
დრო,უზუსტესი ჭოგრიტით ხედავს
და თავის დროზე ყველაფერს იტყვის!

ვივლი,ყარიბის თვალის ცეცებით,
რას დამაკლებენ ქვეყნის მოგვები.
მე ბედისწერას ვერ გავექცევი
და ჩემი მძიმე ჯვარით მოვკვდები!

ჯერ უფლის ნებით,შემწევს უნარი,
კვლავ შენზე ფიქრში ვათიო ღამე.
რომ გითხრა სიტყვა გაუხუნარი
და კიდევ ერთხელ გიმღერო რამე.

**********

ვფიქრობდი მუდამ,და გადადგმულ
ყოველ ნაბიჯზე,
სულის იდუმალ მორჩილებით
ვწერდი განაჩენს:-
გზა – ჯვარედინზე ამოიცან
გზა – ჭეშმარიტი!
ცხოვრება თვითონ გიპასუხებს
მერე დანარჩენს.

 

ქალი

04 Mar

ქალი – დედა,ქალი – და,ან მეგობარი.
ხატი წმინდა,მარად შუქმომცინარე.
ქალი – ღმერთი,ყველა დროის მშვენება
და სიცოცხლის უსასრულო მდინარე…

ჩვენო ფუძევ, მყოფადო და მერმისო,
ალალ შენდა, ეს ხმატკბილი გალობა…
სილამაზის უკვდავებად შობილო,
დაილოცოს შენი ქართველქალობა!..

 

“ია”-ს

28 Feb

ღამე უჩვეულო,ღამე შფოთიანი.
ფერთა მოზაიკა,ბნელში გახვეული.
მოსჩანს სევდიანი მწუხრის მინაზება.
ცაზე ვარსკვლავები,მთვარე გალეული.

რაღაც შორეული, სულში აღმოცენდა.
უფრო სევდიანი,ვიდრე მწუხარება.
თითქოს შეითვისა გულმა ყოველივე,
სულის მარტოობა,ღამის მდუმარება.

ვიცი საამისოდ ბევრჯერ დავფირდები,
იქნებ უთქმელობა სჯობდა გამჟღავნებას?
მაგრამ ამნაირი ჯანყი,აგონოა,
სულის ესოდენი ძალით ახირება!..

ვიცი,დამიმონებს აღარ მომეშვება.
თუკი მორჩილებით თავი დავუხარე.
ასე უღმერთობით,ასე უნუგეშოდ,
გული – გულიანად, ვეღარ გავახარე.

სულში ბობოქრობა იწყეს დემონებმა.
ჩემი ასპარეზი უგზო ტრამალია…
ფიქრით დამძიმებულს,ღვინოც აღარ მინდა,
ზოგჯერ მარტოობა ჩემი წამალია.

რა ვქნა? – უშენობით აღარ გამეძლება,
ფიქრი უსაშველო, ვეღარ მოვიშორე.
იქნებ შენ ისა ხარ,ვინაც სიყვარულით,
უნდა დაარღვიო ჩემი სიმარტოვე?!

 

ლექსის დაბადება

26 Feb

ტერენტი გრანელს

უკმარისი ცხოვრება,ხურჯინივით ეკიდა.
ვერ მოერგო საწუთროს,როგორც თავად ენება.
პოეტური გენებით,ცასთან მიახლოებულს,
დაანათლა განგებამ,თეთრად ღამის თენება.

როცა დაღლილ სამყაროს,ეძალება სიმშვიდე,
ნებიერად ბატონობს,ღამის იდუმალება,
ვისაც არ ეფიქრება,მისთვის არაფერია,
პოეტისთვის იწყება უსასრულო წამება.

მარტოობის დუმილი ირგვლივ ჩუმად ხმაურობს.
სულში აგიზგიზდება მთვარისფერი ალები…
ხილულსა და უხილავს,ცნობილსა და შეუცნობს,
ჩუმად ესაუბრება ცრემლიანი თვალებით.

მერე,ფიქრის კოცონთან,უსასრულო ლოდინში,
მოძღვავდება სტრიქონი და ფურცელზე იღვრება…
ასეთ წვით და წამებით,ღამის სიმყუდროვეში,
იბადება პოეტის სევდიანი სიმღერა!

 

ეს, მე ვარ!

24 Feb

შენ,უცხო მიწის ბინადარო,მოდი და გეტყვი
ვინა ვარ ახლა?ან მოვსულვარ საიდან?როდის?..
ჩემი ჯილაგი,როგორც ყველა ადამის მოდგმა,
უხსოვარ დროდან საკუთარი ბილიკით მოდის!
ვარ დედამიწის ხერხემალზე ამონაზარდი,
მუხა ბებერი და უკვდავი ვაზი ხვიარა.
ათასი ჯურის მტარვალთაგან გულდაკოდილი,
ფანასკერტელის მალამოთი ვიხვევ იარას.
მე მყავდა ბრძენი წინაპარი,სულკურთხეული,
ვინც ქმნიდა ანბანს,ვინც ისმინა ღაღადი ქვათა…
ვინც დამანათლა უკვდავება,სამარადისო
და ვინც მასწავლა სიყვარული სვეთა და სხვათა!
ქვათა ხანიდან დაწყებული მო-აქ-ჟამამდე,
ამ ცის ქვეშეთში არსებული თუ რამ განძია,
გაუფასურდა ყოველივე სწორედ იმ დღიდან,
როს რკინის შუბით ამოვკვეთე კლდეში ვარძია!
ცამ მისახსოვრა წმინდა ნინოს ნატერფალები.
მის დასაცავად შემართული ვარ გავაზივით.
ერთხელაც იყო, წარმართები წამოვაჩოქე
და ქრისტეს ჯვარი ჩავიკირე სულში ვაზივით!
დამიწერია ვეფხის ტყავზე ჰიმნი გმირობის,
და ქაჯებივით დამილეწავს მტერი ვერაგი…
შუბის წვიმებად მოზღვავებულ სარკინოზებმაც
ვერ დამიფლითეს ხალიბური ჯაჭვის პერანგი!
მითხარ,რამდენი ჩამოვთვალო სახელდებული,
რკინის მკვერავი,მწიგნობარი,მხედართმთავარი…
აიტაცებდა იმპერიებს ძრწოლა შიშისა,
თუნდაც ერთხელ რომ უნებლიეთ წამცდეს – თამარი!
მტერს დავხვედრილვარ საკადრისად,ხოლო მოკეთეს
სითბოს ვატანდი საგზალივით,ქართულ სუფრისას.
თუკი მომტაცეს საწმისი და კოლხი ასული,
ავგაროზივით შემინახავს კვართი უფლისა!
თუ ვაქებ დიდგორს,ბაზალეთიც უნდა ვახსენო,
რის გამო დღესაც სევდიანად კვნესის მამული…
გუთანს ვეკიდე,ყავარს ვთლიდი,ტაძარს ვაგებდი
და სიყვარულზეც ვაგალობე შმაგი ამური…
გახსოვდეს ძმაო! -რაც გითხარი,ზღვაში წვეთია.
ეს,მე ვარ! – ჩემი ისტორიის მცირე ბწკარედი!..
ხოლო უახლეს ტრაგედიის გმირთა სულები,
ახლა დაიძრნენ მთაწმინდისკენ,თეთრი კარეტით.
როცა ვიგონებ სახელოვან პრეისტორიას,
ძველო დიდებავ,წარსულისთვის აღარ მეთმობი.
ნუმც მოგკლებოდეს საქართველოვ,ზეცის წყალობა,
ღმერთმა გიმრავლოს მგლის ლეკვები საალგეთონი!!!

 

ეპიტაფია

23 Feb

მე ერთ დროს დიდი
სიცოცხლე,ახლა
მოგონებების
უძირო ცა ვარ…
გაგიცოცხლდებით
სიზმრებში წამით
და მერე ისევ
ზეცაში წავალ.

აი ეს ეპიტაფია დაწერა “წასვლამდე”რამოდედნიმე კვირით ადრე!!

 
 
24/0.232