ბიჭი ვიყავ მზეპერანგა, მოხეთქილი ანგეში
და იქ სადაც შრიალი და ბინდი იცის წოლორებმა
დავინახე, ქერა ქალი დალალებს ისწორებდა,
წელს ზევით კი ვარდისფერი ბურუსების ფორები,
წელს ქვევით კი დავინახე ეცვა მხოლოდ მორევი
ბანაობდა და უკეთესს ქვეყნად რასმე ნახავდი?
წყალს მოჰქონდა ტანის ლანდი როგორც ნისლის ღაღადი,
თვრებოდა და ნებივრობდა ჩქერთა ჩქარი ჯირითით,
ბროლის მკერდზე დადებული ორადორი ქვირითი.
დამინახა, შეიცხადა, მერე მორევს დანებდა და
მორევიც ბორიალით აყურყუმალავებდა,
გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო
თვალებსა და ხელებს შუა მეხრჩობოდა ბატონო.
ჩქერალებში ჩამავალი, მზის შუქივით მიმქრალმა
მკლავთა თეთრი ჩქაფიჩქუფით, ახლოს არ მიმიკარა
და იქ სადაც ლოდი იწვა, წყალი იდგა მომღვრიე,
ჩავყვინთე და წელზე ხელი ბადესავით მოვხვიე,
იკივლა და იწიწინა, ოი ქალის ბავშვობა,
ოღონ ხელი არ მეხლო და ყაბულს იყო დახრჩობას.
გული თუმცა გული არის, გული მაინც მკერდშია,
ახლა მხოლოდ ერთი მსურდა გოგო გადამერჩინა,
და ის გოგო, გაწუწული, კაპარჩხანა, ქოთქოთა,
ნაპირისკენ გულწასული კალმახივით მომქონდა.
გოგო თივთქვი, გოგო თავთქვი, გოგო საიადონო,
კინაღამ არ დამეღუპა ხელებშუა ბატონო!?
თოკა
თემურ ელიავა
****
ჰურაიდა ვარადას
ოჯალეში დეკემბრის მზეს ბოლო სხივს პარავდა
ხვიჩა ბაბუ იმ ზამთარს ვენახს აღარ ბარავდა,
ალბათ გრძნობდა რომ იყო მისთვის ბოლო კალანდა.
თუთა ბებო მაგრობდა, ცრემლს თავშალში მალავდა,
ამოიღო სკივრიდან საქორწილო კაბადა უთხრა ბაბუს,
თოლგეე, შენი მსგავსი სად არის, ბიჭო, ისე მიყვარდი,
მზეჭაბუკის სადარი, ბედნიერი ვიყავი, ბნელში შენი მხილველი
შენგან ნაამბორევ ხატს მე ვკოცნიდი პირველი.
მოიმღერდა ტეხური, ჰურაიდა ვარადას,
ბებიას და ბაბუას სიყვარულის ბალადას.
წუთისოფლად ვინ არის, მუგამ გაუჭირველი,
მოკვდომია ოდესღაც ბაბუს ცოლი პირველი,
თურმე ეკა რქმევია, ყმაწვილს განუსვენია,
მასზე სიტყვა ბაბუას, არასდროს დასცდენია.
სამოცი წლის მანძილზე ეგოთ ერთი ჭილოფი,
იყო თუთა ბებოსთან ბაბუ სიამტკბილობით,
მოიმღერდა თეხური, ჰურაიდა ვარადას,
ბაბუას და ბებიას სიყვარულის ბალადას,
დილით განუსვენია, ვეღარ უკალანდია,
ჯალაბმა და სოფელმა ბაბუ შეიცხადია,
თვალი ვკიდე ბებიას იდგა გაქვავებული,
სიტყვა დაუცდენელი თითქოს გაავებული,
დამიმარტოხელადა უცებ დასცდა ჩივილი,
არ ეკუთნის შენს ბაბუს, შვილო ჩემგან ტირილი,
ჩემს მკლავებში დალია სული, გულქვა როდივარ,
მაგრამ ბოლო სიტყვები ეს თქვა, ეკა მოვდივარ.
მოიმღერდა ტეხური, ჰურაიდა ვარადას,
ბაბუას და ბებიას სიყვარულის ბალადას.
ჰენრი
აშართა შაირი
რაღა ქრთამმაგი, დალაგდა ცათა შინა
ბადაგში გალეშილ ბრძენთაგან ერთერთმა,
ნადიმი ალია ავგიას თავლაში,
ჭიდილი მომინდაო ღმერთებთან მელექსეს.
შესცქერის ღამისად მთვარიანს
ნანახად მთებიდან ქორფები მოსდევსო
მისანი ალაგნი ალალნი არიან
და ისრად დარაზულ დილეგში გოდებსო,
თოხუნის საგულეს ჩასძახის თეკლათი
ეპოქა თურქმაჩის ოდაში იქმნება,
იაბოს თუქალთვე ექცევა თექათი
მისი მორჯულებაც არ იქნება
და ისინი ყნოსავენ თოშიან ოხშივარს
მინდორსაც ნაბინდი ხოქივით მოედო
თუმცაღა დიადნი სიტყვისთვის ვშობილვართ
დუმილიც რარიგად შეგშვენის პოეტო.
შადუნმა ცადმისვლის რაღამი იდიდა
არადა არამწამს ბარძივში აბები
ავარად შობილი უცათი მითიდან.
ვუმტვრიე გუმბათიანს დარაბები,
ჩემს ეულ ყიამეთს რა გინდა მდაბალო,
გამშორდი შერცხვები ოსტატის ხელებთან,
მაგრიგად მასკდება მკლავებზე ნაშოლტი,
ჭიდილიც რომ გამიმართავს ღმერთებთან.
გათენდა ისარმაც მიაგნო საგულეს,
აბუჩსაც გონმაჰკრა რა ბედიც ავნებდა
კაპიკად საკენკი მიუგდო მსახურებს.
მდუმარეს მდუმარედ დამნებდა.
გაუგზავნელი წერილი
ისევ თქვენ გწერთ, გევედრებით, ნება დამრთეთ,
კიდევ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოგიგონოთ,
არც კი იცით რა უსაზღვრო პატივს დამდებთ
თუ ამ წერილს წაიკითხავთ ქალბატონო.
გაწყენინეთ? თქვენს წინაშე ქედს მოვიხრი,
თუკი ჩემგან წყენა დაგრჩათ სამახსოვროდ,
მაპატიეთ, მეკადრება, ბოდიშ გიხდით,
მომიტევეთ, მომიტევეტ ქალბატონო.
მომიტევეთ თუკი მახსოვს თქვენი თმები,
მომიტევეთ თუკი ისევ დამესიზმრეთ,
დამიჯერეტ ყველა წმინდანს გეფიცებით,
დაგივიწყებთ, მეც ოდესმე დაგივიწყებთ.
რაც კი დამრჩა უთქმელი და სამახსოვრო
ახლა მინდა გაგიმხილოტ მშვიდი დარდით,
ბროწეული რომ გაყავით სანახევროდ
აი სწორედ, სწორედ მაშინ შემიყვარდით.
ისევ თქვენ გწერთ ქალბატონო, მომაგონდით,
უცნაური მწუხარებით, მკრთალად, მღვრიედ,
გახსოვთ ის დრო ყველაფერს რომ მპატიობდით?
ეხლა კიდე ეს წერილიც მაპატიეთ.
ვწუხვარ, უკანასკნელ სალამს განდობთ,
ეხლა უნდა სამუდამოთ მიგატოვოთ,
მაპატიეთ, მომიტევეთ, დიდად გმადლობთ,
დიდად გმადლობთ, რომ მიყვარდით ქალბატონო.
ავტოპორტრეტი
ის სულაც არ გავს ყოველგვარი სალამის მიმტევს
პარკინსონიანი უძილობა სიხარულს ანიჭებს,
ოთახში დადის ნერვიულად და თითებს იმტვრევს,
მათემატიკური ისტერიით ითვლის ნაბიჯებს.
კითხულობს პრესას, კაფეებში აღარ სვსვს ჩაის,
ამით ხაზს უსვამს პრინციპების სულელურ ალბომს,
ის ავტორია გულმიჭრილი მეასე ბზარის,
ისეთი ძუნწი, ძილისთვის რომ სიზმრებსაც არ თმობს,
მუნჯი ჟესტებით გამოხატავს სიმდაბლის ადგილს,
მესამე პირში მონოლოგობს საკუთარ თავზე,
პლაშიან სტუმრებს ფოიეში არ უთმობს ადგილს,
არც გალანტურად მოხუცები გადაყავს გზაზე,
ის ზედმეტს ფიქრობს,ზედმეტს თხოულობს და ზედმეტს ნატრობს,
გადაუღებელ წვიმებს ნატრობს, ოცნების წვიმებს,
მადლობით იცმევს მეგობრისგან ნათხოვარ პალტოს
და თვითმკვლელობის იტოვებს იმედს.
კოლხის ლექსი
ენგურის მინდვრებს ზეცას რომ დავუკოცნი,
რეჯეგეს მთის ქედებზე ნამათ მოვედები,
იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს,
და თუ ასე კვდებიან პოეტები
სული გამექცევა ღამის ჩრდილიდან
ქალი აშარი და ბორია გალეშილი
ოსერ დამასიზმრე ჩემი არჩილიდა
მერე თვალთაკაბა, მისი ქალიშვილი.
მტერი მათრახისქვეშ ატარა ლაჩარივით
ციხესიმაგრენი რომელმან დააჩოქა,
ქართლელს რომ ჩამოახიეს ჩოხა
ქართულს რომ ჩამოახიეს ჩოხა
კოლხმა მოიკაზმა ლექსი აბჯარივით
ჩანა სიმწრითა და ფანდურ ჩამომღერი
ლერწამტანიან და ქალწულნამიანო
წამო თავშლიანო სვანეთს წამომყევი
იქა სათამადო ვაჟნი არიანო.
სანამ ზეცის მინდვრებს ლოყებს დავუკოცნი
მზე რომ დაადნება ზედა გმირთა მაჯებს
მედეას კიარადა ჩვენს ქორწილს,
მთათა ბერიკაცი სუფრას გვითამადებს,
სიმღერა გაისმის ცრემლითა მლაშე,
დაიმსხვრა მცხეთა და გორის კარი,
მიაცილებდნენ ბრძოლაში ვაჟებს,
თავშლებს ატანდნენ ბრძოლაში ვაჟებს,
თან აბარებდნენ ქალწული ვაჟებს,
ამ ხმლით სისხლისგან სხეული გაშრეს,
ან თავი თავშალში მოიკალი.
აი შენც ნახე ეს ჩემი ქოხი,
უჭერო ქოხი, დამბების ნგრევა,
სანამ ოცნება არ ილევა,
სანამ ტკივილი არ ილევა,
სანამ ენგური არ ილევა,
ძარღვებში რომ ჩქეფს კოლხისაა გაშლილი
მიჯნურის ხვედრად, აკაცელ ხოლუ გუქუ გმოთანე,
მივალ გერგეზის შესახვედრად,
ქალავ თავშალი გამატანე
და ზეცის მინდვრებს ლოყებს დავუკოცნი.
რეჯეგეს მთაზე ნამათ მოვედები,
იქაც ვითამადებ მედეას ქორწილს,
ჩვენთან ასე კვდებიან პოეტები.
ბაბუ
მზე ჰკიდია ზღვების გაღმა გაღვივებულ ბუხართან
როგორც ახლად გამომცხვარი ცხელი კეცის მჭადი.
ძველ ნაბადზე წაწოლილი წარსულებზე ვწუხვარ და
მთვარე როგორც წველა ყველი, მყინვარწვერში ჩადის
სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს
ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს
და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს
ვეუბნები: აქ ვარ ბაბუ, მოვედი და აქ ვარ,
მოვედი რომ ავაშენო, ავაჩემო თავიდან,
ოსმალთაგან გადამწვარი მუხის დიდი ოდა.
ბაბუ ის დრო აღარ არის, ბაბუ ის დრო წავიდა,
სოფლის ძველი ეკლესიაც აღვადგინეთ ჰოდა.
ჰოდა ბაბუ წელს პირველად შენი თოფიც ვაჭექე
ომში არა, მაშინ როცა შემეძინა ვაჟი,
მერე ჩვენი იზაბელაც მივაცალე რვა ჭიქა
სიხარულით მე და სუფსა თავს ვიხრჩობდით ზღვაში.
ამ მხარეში რომ იყავი სიმღერებით ცნობილი,
მეც შენსავით ნამეტარი, ნამეხარი ხმა მაქვს ბაბუ
მეც მყავს ერთი კაი, აჭარელი ძმობილი,
გულიანი, ქრისტიანი, ათი შვილის მამა.
სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს
ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს
და კედლიდან გადმომზირალ ვერ მოსწრებულ წინაპარს
ვეუბნები: აქ ვარ ბაბუ, მოვედი და აქ ვარ.
(გენრი)
მზე არ უხდება ზეცას
მზე არ უხდება ზეცას,
შენ მოუხდები უფრო, შენი თვალებით,
ცეცხლის ალები თუნდაც რომ გეცვას,
მოგეკარები, სინაზეს გაგიმხელ
და სხვა ქალების ყველა თავშლებით
მოგიქსოვ ხალიჩებს, სამოსად ტანის,
თუ გინდა ღრუბლები გეცვას, ვიქნები ქარი,
მივწვდები მწვერვალს, სივრცეში ულევს,
ფაქიზი ძალით შენს ირგვლივ წყნარად დავიპყრობ ზეცას
და მოგაშორებ ერთი ნელი მობერვით ღრუბლებს.
წვიმა რომ გეცვას, წვიმის ფარდის სამოსი სველი,
მე მბრძანებელი ვიქნებოდი ამ წუთისოფლის.
ჩემს ხმას მორჩილი შეწყდებოდა ბრინჯაოს ფერი,
შენი წვიმა, სამოსელი უმანკოდ ყოფნის,
შენ ჩემში ქალის გაგიჟება იოლად გძალუძს
დასაბრალებლად ეგ სიავე ჩემს ზურგზე კიდებს
მე ვეღარასდროს მოვისყიდი ამ დანაშაულს,
მაგრამ ათასჯერ, ცხრაათასჯერ ჩავიდენ კიდევ,
მე შენს წინაშე დაპყრობილი ჯარივით ქედს ვხრი
აწ და მარადის შენს უსაზღვრობას მივუგებ თაყვანს,
გზაგასასვლელთან შენს ფეხებთან კანკალით დავყრი
რაც კი ყოფილა ყველა ქალის ყველა თავშალის.
ყველა ქალაქის კარები მოიკაზმება ვერცხლად და
გაუღება ჩემს წინ შენთვის დასამონებლად კარები,
ლაშქარზე მაღლა დაიწერება შავზე თეთრად
მზე არ უხდება ზეცას, შენ მოუხდები უფრო, შენი თვალებით
შენზე სალოცად საკუთარი ავაგე ტაძარი,
მის დიდ კედლებზე შენ ახატიხარ მაღალ ფრესკებად,
ისე რომ სახეს ღვთისმშობლისას ხარ შესადარი,
ისე რომ ანგელოზებსაც შეშურდებათ.
შენს სილამაზეს ალბათ სადმე აქვს საზღვარი,
მაგრამ არა აქ, არა ამ ქვეყნად, მე მეომარი ვარ შენი
ასჯერ მოკლული და ასჯერ დამდგარი ფეხზე,
თითქოს ჭრილობას მილოკავს დედის რძით მგლის ლეკვი,
რამდენი ისარი მტრის ნატყორცნი მიპყრია მკერდზე,
იმდენ ჯარს კიდევ გავუძლებ და შევებრძოლები.
სტიქსის სიღრმემდე ოლიმპოდან ლაშქარი ჩავა
და ჩემი ჯარის ალესდება ბრინჯაოს ხმლები,
დაიწერება შავზე თეთრად და თეთრზე შავად:
მზე არ უხდება ზეცას, შენ მოუხდები უფრო, შენი თვალებით.
სანამ ბარმენი მოვა
შავ კალენდარზე ისევ ვეძებ ნამიან მაისს
ფილტვებში ვიკლავ ცისფერ ნისლებს,სიშორეს, ზეცას
ბერლინის შედევრს რომ არ ჰგავდე ცოტათი მაინც.
სულელი ფიქრი არაფერზე შეწყდება მალე,
ლოთი ბოკალი ცარიელი მიკითხავს მორალს,
აუცილებლად, აუცილებლად დალევ,
და ნერვებს მიშლი სანამ ბარმენი მოვა.
უვიცებს სტკივა, სიბრძნის კბილი ამოდის ყველას,
აგრძელებს ვერლიბრს კულისებში სულელი გოგო,
ვუსწრებ ტროტუარს გუშინდელი ტაატით ნელა
და ვეღარ ვამცნევ ვცარიელდები როგორ.
ამინდზე გნებავთ? მაგალითიც პირველად მომყავს,
გუშინდელ გაზეთს შეხვეული მტვრის ფერი თოვა,
მთვრალი ცინიზმით ვესაუბრები დამშრალ ბოკალს
და ნერვებს ვუშლი სანამ ბარმენი მოვა.
(თოკა)