შემოგვიერთდი Facebook-ზე


RSS
 

ოთარ ჭილაძე

დავიწყებული მოტივი

26 Feb

ნეტავ, ვინ არის ეს შავოსანი
პირქუში ქალი,
ჯოხის ამარა
რომ დასდგომია უკაცურ ბილიკს,
კაბის კალთით რომ აუთრევია
მისივე ჩონჩხის მაგვარი ძეძვი
და მიდის, მიდის, არც იცის, საით.
იქნებ ბედკრული საქართველოა,
ჩვენს გულებიდან გამოდევნილი?!
ჩაჭიდებული ჟამთასვლის ბორბალს
ჩვენი გულისთვის და, პირველ რიგში,
ისევ ჩვენგანვე უარყოფილი?!
ის არის ალბათ. სხვა ვინ იქნება?!
აბა, რად შევკრთით წამით ყველანი,
რად შეგვაცოცდა, მორიელივით,
შიში განკითხვის და აღსასრულის?!
ალბათ მობეზრდა ჩვენი ფუსფუსი,
არაფრის გამო და არაფრისთვის,
ჩვენი უაზრო ჟივილ-ხივილი,
ჩვენი უმიზნო აყალ-მაყალი…
და მიდის, მიდის, არც იცის, საით,
რომ დაეყუდოს გამწყრალ ხატივით,
სადმე, კლდეებში და ყინულებში.
მაინც არ არის ჩვენი საშველი,
თუ ისევ იმან არ მოგვაქცია
გზასაცდენილნი და დაქსაქსულნი.
თუ ისევ იმან არ გაგვახსენა,
რანი ვიყავით და რანი დავრჩით.
თუ ისევ იმან არ გვაპატია
ეს გულგრილობა გასაოცარი.
მაგრამ ჯერ მიდის… ჯერ გამოხედვაც
არ უნდა ჩვენსკენ…

ავტ. : ოთარ ჭილაძე

 

გუბე და ღობე

26 Feb

შენი ლანდია ქუჩის გადაღმა
და ღრუბლის ტოტი, სველი და მძიმე,
და სიჩუმეა, მხოლოდ ხანდახან
ვიღაცა აფრთხობს უჩინარ სიმებს.
და ისევ, როგორც დიდი ხნის წინათ
ოდნავ ბრჭყვიალებს გუბე და ღობე,
ხეებიც ჩრდილებს იქნევენ ფრთხილად
თითქოს მოკლულის ტანსაცმელს ჰყოფენ.
ეს ერთადერთი გზა არის ალბათ,
რომლის გავლასაც ვერ შევძლებ ახლა
სურვილის თოკი, ძველი და ცალფა,
ვერ აიზიდავს ჩემს სხეულს მაღლა.
არ გადმოხვიდე! წადი! იარე!
ჩემს თავშესაფარს რქმევია სორო,
შიში რქმევია ჩემს სიჭკვიანეს,
ცა ტერფის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ.
ქუჩის გადმოღმა ჩრდილივით მდგარი
ისევ ამაოდ აღვიძებ გრძნობებს,
რადგან ჩვენს შორის ღმერთი წევს მკვდარი
და არა მხოლოდ გუბე და ღობე.

ავტ. : ოთარ ჭილაძე

 

მზად ვარ გისმინო და გემსახურო….

25 Feb

მზად ვარ გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.

(მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს).

სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ჰყვება თავის უბრალო ამბავს.
და სკამზე, როგორც ნანადირევი,
ჰკიდია შენი ლამაზი კაბა.

ავტ. ოთარ ჭილაძე

 

მე შენ დაგკარგე…

24 Feb

მე შენ დაგკარგე და ეგ საყურე
ვარსკვლავად მექცა… და შენს გამოა,
მარტო რომ ვზივარ.
აი, მსახურებს
აკრობატების ბადე გამოაქვთ.
ცირკში ყველაფერს ხსნიან მარტივად.
მე კი, რაც ვნახე, ისიც მეყოფა.
მეც ხომ გაფრენილ აკრობატივით
ჩემი სიცოცხლე ვანდე მეგობარს.
ის კი სხვა სკამზე გადაჯდა მაშინ,
როცა გასროლილ ქვასავით სწრაფად
მივქროდი მისკენ და ხალხიც ტაშით
მაჯილდოვებდა.
თვალი კი საფარს
და ხელჩასავლებ ადგილს ეძებდა,
მაგრამ ამაოდ.
და ჩემი ქროლვა
შეწყდა შიშისგან დამფრთხალ მხეცებთან
და კლოუნებთან.
მაგრამ მე დრო მაქვს,
რომ ყველაფერზე ვიფიქრო კარგად,
ვიფიქრო სწორად, დიდხანს და მშვიდად.
ვიპოვო თავი და რასაც ვკარგავ,
მთლიანად გაქრეს ის ჩემი ციდან.

ავტ. ოთარ ჭილაძე

 

ვწევარ და ვუსმენ…

23 Feb

ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.

ახლა მჭირდები… შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები…
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.

სად გაქრი… საით გაყევი ქუჩებს…
სად დაგავიწყდი… სად ვიყავ მაშინ…
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.

საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს – შენი ხმით სავსეს -
ვხვდები ცახცახით და გულისცემით.

მაგრამ შენ სად ხარ… ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

ავტ. ოთარ ჭილაძე

 

გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი

22 Feb

გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:
სულზე ბორკილად მადევს ასაკი
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი,
თუ გნებავს – შენი გზის ავაზაკი.
მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას,
ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი…
და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა
და არა ერთი იმათთაგანი.
ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან,
თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი.
რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა,
რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით.
და ვიდრე შენსკენ მოვქონდი ტალღას,
შემთხვევის მონა და ბედის ურჩი,
წლები ზრიალით გაფრინდნენ მაღლა,
ვით ნამსხვრევები ყამარის ჭურჭლის.
მათ აღასრულეს ბუნების მსჯავრი,
ხუნდად დამადეს სულზე ასაკი…
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი
და მაინც – შენი გზის ავაზაკი.

1997წ.  ოთარ ჭილაძე

 

ბავშვი უკრავდა

21 Feb

ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
უცახცახებდა პატარა მხრები.
გარეთ კი თვითონ ბუნების ნებით,
თავგანწირულად დნებოდა თოვლი.

ჩნდებოდა მიწა, სველი და შავი,
როგორც დაწრეტილ მდინარეს ფსკერი.
და ხეებს, თუმცა არ ედოთ ფერი,
მაინც ამაყად ეჭირათ თავი.

ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
ხოლო მუსიკა, ქარივით ლაღი,
ჭაღს აწყდებოდა და დიდი ჭაღიც
თრთოდა მუსიკის უცნაურ თრთოლვით.

ირგვლივ უძრავად ისხდნენ სტუმრები,
და სტუმრებისთვის უხილავ ცაში
მსუბუქი ფრთებით მიქროდა ბავშვი
და სხეულს ვეღარ გრძნობდა სრულებით.

 

გალაკტიონ ტაბიძეს

18 Feb

ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,
მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხიდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.
მე ვფხიზლდებოდაი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.
მე აღარ მახსოვს, რა მოხდ ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებს
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.
და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.
ქუჩებში წვიმადა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჭღენთილ სიკვდილის გვერდით.

 

მეფეებივით ფიქრობენ მთები…

18 Feb

მეფეებივით ფიქრობენ მთები…
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს…
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები…
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს…

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვი შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.

კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.

 

სიზმარი

17 Feb

გამოჩნდა მიწა. შენთან ვარ თითქმის.
იღვიძებს მიწა და პერანგს იცვამს.
ეს ხომ თოვლია. მე წუთებს ვითვლი.
ნათურებს ანთებს და მორბის მიწა.
ოღონდ შენთანაც სინათლე ენთოს
და ყველა სასჯელს უხმოდ ავიტან.
და აი, უკვე შენთან ვარ, ღმერთო,
ეს შენი ხმაა- როგორ? საიდან?
ამოდის მთვარე და ცალი თვალით
ჩემს ხელებს ზვერავს ჩუმად და მკაცრად,
მე კი ოთახში შემომყავს ძალით
და თავქვეშ გიდებ ბალიშის ნაცვლად.

ავტორი : ოთარ ჭილაძე

 
 
24/0.227