RSS
 

ნოდარ დუმბაძე

დედიკოს ვფიცავარ

15 Jun
წერა-კითხვა ვისწავლე,
აი, უკვე დიდი ვარ.
არ წამიყვანთ სკოლაში?
ბაღში აღარ მივდივარ!..
თვლა ხომ ვიცი ასამდე,
თანაც ექვსი წლისა ვარ,
პატარა რომ ვიყავი,
განა ისევ ისა ვარ!
სულ ხუთებზე ვისწავლი,
ჩემს დედიკოს ვფიცავარ!
 

სათვალე

15 Jun
ბები, როგორ დავიჯერო,
რომ სათვალე კარგია,
იმ დღეს ვცადე, გავიკეთე,
არაფრად არ მარგია.
ვეღარც ფისო დავინახე,
ვეღარც ჩვენი თემური,
სათვალეა ხელს რომ გიშლის,
შენ კი თვალებს ემდური.
გახსოვს, გუშინ, საყვარელო,
მთელი დღე რომ მაწვალე?
თურმე ცხვირზე გეკეთა და
მაძებნინე სათვალე.
 

ავადმყოფი

15 Jun
დღეს სულ მოწყენილი ვარ,
ხასიათი წამიხდა,
იცით, ჩემი თოჯინა
ძლიერ ავად გამიხდა.
ხმას არ იღებს სრულებით,
არც საჭმელი არ უნდა,
კუ ექიმთან გაიქცა,
რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?
ყოველ წუთში ოთახში
ნუ შემოხვალ ბებია,
მოერიდე ავადმყოფს,
იქნებ გადამდებია.
ღმერთო ნეტავ საშიში
არაფერი არ იყოს!
აქ ნუ მოსწევ პაპიროსს,
გარეთ გადი, მამიკო.
 
 
23/0.273