RSS
 

ნიკოლოზ ბარათაშვილი

საყურე

02 Jul

ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
ჰოჲ, საყურეო,
გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?

 

ბედი ქართლისა

14 Jun

კახთა მიმართ

ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფად და გმირად;
თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,
როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად!

და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის
მოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, —
მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად,
ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად.

როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ,
ხელთ ჯამის მპყრობნი წარსრულსა დროებს მოიხსენებდეთ
და მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა,
მოიგონებდეთ ყარიბს მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა!

ნ. ბ. Read the rest of this entry »

 

შემოღამება მთაწმიდაზედ

14 Jun

ჰოი, მთაწმიდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმილობა დაისადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!

მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა… ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება…
მაგრამ ვერ სცნობენ გლახ მოკვდავნი განგებას ციურს!

დაფიქრებული ვიდეგ სერზედა, და, ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ
და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდენ!

მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,
ვინ მოგიხილოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვოს და არ დახსნას გულსა ვაება;
გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!

სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი გადეკრა ცისა კამარას.
მოსდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!

ამგვარი იყო მთაწმიდაზედ შემოღამება!
ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი;
მხოლოდ გული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება!

ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, საამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა — სევდა გულისა — ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!

1836 წ.

 

სული ობოლი

14 Jun

ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი,
ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!
მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!
არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა,
ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!
ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!

1839 წ.

 

სულო ბოროტო…

14 Jun

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?
თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი?
სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,
რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები?

წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი, ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულისთქმათა!
მას აქეთ არის — დავუკარგე მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყურვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო, სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო.
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!

1943 წ.

 

მერანი

14 Jun

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა;
საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

1842 წ.

 

არ უკიჟინო, სატრფოო…

14 Jun

არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.

მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,
რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,

რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,
და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!

არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,
იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!

ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?
მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;

მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს
და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.

მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები!
მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?..

მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,
და ჩემთა გრძნობათ შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი!

1841 წ.

 
 
23/0.304