იორის ჭალას სასტუმრო სუფრა გაშლილა,
”შეხე, ბასილა! მაგის ყურებით ვერ ვძღებით!”
სპასალარივით მრევლს გადაჰყურებს ბასილა,
რაღაც არ მოსწონს, მალ-მალე იტყვის: “შევრცხვებით”
შეშისმპობლები “ოჰოს” და “უჰუს” ხვნეშიან,
გაჩქარებული ცეცხლი ბრიალებს თონეზე…
ონიდან რეკენ: “სტუმარი – უმაღლესია,
მაშასადამე, სუფრაც – უმაღლეს დონეზე!”
მასპინძელია გლოლა, ღები და ჭიორა,
საყოლიც ჰყავს და ქვეც ხელს ჯიბეზე გაიკრავს;
ბრძანებს ბასილა: ”ჩემო მელქო და შიოლა,
საკლავს საკლავი მიტომ ქვია, რომ დაიკლას!”
ჩამოატარეს ქადა-ბაჭული ხონჩებით,
თონეს ჩაჰკირწეს ერბო-კარაქის შეცხებით
აქეთ – ხბოუკა, იქით – თითქვინა გოჭები -
ბასილა მაინც: ”შენ დამირჩიო, შევრცხვებით!”
”რატომ, ბასილა?! დეკეულები დაიკლა!
კალმახს იჭერენ! ღორის იხარშვის კანჭები!
გოჭები იწვის! თონეულები ჩაიკრა!
რა გვჭირს ასეთი?!” მხრებს იჩეჩავენ კაცები.
ვინ, ვინ ჩასწვდება ბასილას იჭვს და ხვაშიადს?!
ვის უთხრას, ლხინი რომ არ პურ-ღვინით ლხინდება,
და რომ კარგ სუფრას, კარგ გუნებას და ხასიათს
კაი ლომი და კაი გამძღოლი სჭირდება!
ამოატარეს ხიმშური თეთრა კასრებით,
შუშის ჭურჭელში ჩამომზიურობს ჩქეფ-ჩქეფით, -
ჭიქით მოართვეს, რავარიაო, ასწრებენ -
ბასილა მაინც: ”კაია, მარა… შევრცხვებით!”
წამოექოჩრნენ ბელაშვილს თავი-კაცები:
”რა ხარ, რა გახდი?! სუფრა მთელ ვერსზე გაშლილა!
თამადა – გვყავხარ, აგერ გვიწყვია ყანწები,
შენ თუ შეგვარცხვენ!- სხვა ვერაფერი, ბასილა!…”
გადაეფინა შუქი ბასილა ბელაშვილს,
შეუთამაშდა წარბები – შავი მერცხლები:
“თქვენ გენაცვალათ თქვენი ბასილა ენაში -
აგრე თუ არი, აწი ქვე რაღას შევრცხვებით!”
მურმან ლებანიძე
“შევრცხვებით”
ციცო
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!
მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე _ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!
ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!
ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _
ციცო ისეთია!
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!
სარეველა
ელეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს, სიხარულს ნერგავს,
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!
კაცს – კი, ბატონო!
კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!
კაცს შენისთანას – ჯიშით, ჯურით
ყიამყრალს შენგვარს!
ჩამოთესლებულს
ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,
წისქვილი ვისიც
ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!
შენი სახელის
ხსენებაზე ყორანი ჩხავის,
რიყეში ვარ და
გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას…
შეხე, რაგვარად,
რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის
ცოდვაა სწორედ
სარეველა ყაყაჩოს ერქვას!