აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს,
დაასხით ღვინო!
საქართველოს სადღეგრძელო
უნდა დავლიო!
ჩემი კახეთი;
ჩემი შილდა;
ჩემი ხუბერა.
ყმაწვილკაცობის,
იორღობის,
წლებმა უბერა.
ძველი შუამთა,
ალავერდი,
ჩემი თელავი.
წითელი კაბით ერთი გოგო,
გრძნობის მთელავი.
თვალებს ამშვიდებს,
გულს აჩქროლებს,
ალაზნის ველი.
მარტის გაზაფხულს
ნადიკვრიდან
მე ისევ ველი.
მოიტათ ჭიქა,
რომ კახეთის სადღეგრძელო
შევსვა,
დავლიო,
წუთისოფელი სიყვარულით
მთვრალმა გავლიო.
აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს,
მომეცით ყანწი,
ამ ცხოვრების სადღეგრძელო
მინდა დავლიო!
ლადო ჭინჭარაული
სადღეგრძელო
12
Aug
ხევსურეთს!!!
12
Aug
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს.
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არდავიწყება უნდა!
ასა, არღუნი, ანდაქი,
პირიქითაი ხევები,
უნდა მივხედოთ, ანდა კი
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო, მაჰხედე ხევსურეთს,
საკლავებ იკლას ხატობას;
არ მახკლდებოდეთ ხევსურებს
ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა;
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი;
ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი;
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები;
სალოცავს ხყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი ძროხები;
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით;
ადათთა ორომტრიალი
წარსულს ეცემა ბერივით;
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არდავიწყება უნდა!!!