RSS
 

ირაკლი ჩარკვიანი

***

30 Jan

მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე,
ათასი სიტყვით,სახით დაგამძიმე,
ხომ ვერ მოვპარავ საკუთარ თავს იმას, რაც ვარ.
შენ დაგავიწყდა,რომ შტორმს,შტილი მოყვება.
და შენი ნავი მალე მშვიდად იცურებს,სულ სხვაში.
საშიში ის არის,ვინც იმდენ ყვავილს ვერ მოწყვიტავს,
რამდენიც უნდა,
ვინც საკუთარი შიშის ტუსაღია
და სხვის თვალებში,როგორც სარკეში იჭყიტება,
ივარცხნის თმას.
შეშინებულმა, შენი ქოხი სხვაგან გადადგი,
იქ მხოლოდ სურნელიღაა დაღლილი  შტორმის,
გეგონა დაანგრევდა შენს სახლს მოლხენა,და სიყვარული
შტორმს ხომ გითხარი,შტილი მოყვება
და ჩემი გემი დაცურავს ახლა სულ სხვაში,
მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე,ვიდრე გეგონა.

 

როცა მე წავალ

22 Dec


ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება,
მეწამული მზის წვა, მდუმარება,
ფრთამოტეხილი მერცხლის საშველად
მე მარტო წავალ!
გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ,
დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა,
მეგუდარებით, იცინეთ, იცინეთ,
როცა მეწავალ!

 

პოეტს (გ.ტაბიძის ხსოვნას)

18 Dec

უძილო ფურცელს მან მისი აზრი,
დაღად დაასვა ვით თავის მონას,
დაღათ დაასვა გრძნობები ნაზი,
რომელიც შექმნა და მოიგონა.
და იმ ოცნებით შექმნილ მხარეში,
სადაც სულები არსებობს მხოლოდ,
სადაც ღმერთების უკვდავ თარეშს
და ხელოვნებას არა აქვს ბოლო,
იქით წაიღეს იგი ქარებმა,
მხოლოთ მათ ენდო იგი ვნებული,
მხოლოთ იმ ქვეყნად დაიფარება
ოცნება მისი, დამონებული.
მუხლმოდრეკილი,
გარშემორტყმული ჩვენი ცოდვებით,
ჩვენგან წასული,ის ჩვენზე ფიქრობს
და ვეცოდებით.
ალბათ კვლავ მარტო,
ალბათ კვლავ ნატრობს,
ალბათ კვლავ ქმნის….
დღეს ხომ დილიდან ქარიშხალია,
ქარი ქრის, ქარი ქრის,ქარი ქრის.

3 მაისი 1978  წელი

 

მოლოდინი

17 Dec

ნაცრისფერ ქუჩას,
მტვრიან მანქანებს,ბოლო არ უჩანს,
მზე არ ანათებს.
ბრაზიან მძგოლებს,
გრძნობათა ბრძოლებს,
დახატულ მთვარეს,
უაზრო თვალებს
დაღლილ ბაგეებს
მე გავუღიმე.
ნისლისფერ იასთან,
ცისფერ მდელოზე
ეკლესიასთან,
გუშინ გელოდე.
შენ არ მოხვედი,
მე არ მწყენია,
ყველა თავისთვის,
ალბათ ბრძენია.
ნუთუ ავისთვის
ვხარჯო გენია,
და შენ არმოსვლას
მე გავუღიმე.

 

რჩევა პოეტს

17 Dec

ისე უნდა გახურდე,რომ გადაიწვა,
ისე უნდა გაანათო,რომ დაბნელდეს,
ისე უნდა იცხოვრო,რომ მოგკლან,
ისე უნდა მოკვდე,რომ დაიბადო.

 

ჰგავდე სხვას

04 Nov

პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე,
ვუმღერი ყველა გოიმს, ეი მომისმინე მე…
არც სიყვარული მართობს, არც სიძულვილი მკლავს,
ხედავ თეთრად ათოვს, ჩემ გადახოტრილ თავს,
მე ვეღარ მხედავს სარკე, მე ვერ ვუყურებ სისხლს,
მე არ ვაგროვებ მარკებს და აღარ მჯერა სხვის,
მოუთოკავი გრძნობის და სიგარეტის მწამს,
ფურცელი ვარ ცნობის , აღარ ვკარგავ წამს,
მე რეაქცვიას ვიწვევ და რეაქცია მშობს,
მე ახალ ტალღას ვიწვევ რომ გაგიტანო შორს,
ნუ გადაირბენ ქუჩას მე დაგანახებ გზას,
თუ არ მომიშვერ ტუჩებს არ დაგირტყამ ზასს,
დაგალევინებ კოლა-ს დაგალევინებ კვასს,
მე არ აგიწევ კაბას არ დაგიგდებ კლასს,
რაც შეეხება ყველას ის შეეხება ფულს,
ხალხი ისევ ღელავს და ანარქია სურს,
მე ისევ მარტო დავრჩი და ვეღარაფერს ვთმობ,
რადგან ეს გმირი მე ვარ და დადგა ჩემი დრო,
მე ოპტიმიზმით სავეს ვარ და არ მოვიკლავ თავს,
მე სულ ყოველთვის ასე ვარ და მეგობრებიც მყავს,
მიყურე როგორ დავდივარ ხან იქ ვარ და ხან აქ,
მე ვცხოვრობ შენზე მარტივად და მეტი ფული მაქვს
რაკეტა უნდა გიყიდო, გადაგაფრინო ზღვას,
გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას, ჰგავდე სხვას

 

დრო

04 Jun

რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა
გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალება ლმობიერება
გაქრა.
ვარდს გაეფურჩქნა
ატომური სოკო,
რკინაბეტონის ჯუნგლებში
დაკაცდა მაუგლი,
პარაბელუმით ხელში.
დადგა დრო,
გამოთხოვებისა ტყესთან,
დრო უბრალო, მართალ ფერთა ხელჩაკიდების,
დრო წითლად ხატვის,
წითელ ქაღალდზე,
მაშინებელი,
დაუნდობელი,
როგორც ყოველი მართალი,
დრო.

 

მაიმუნები ვართ

04 Jun

ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,
ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,
შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.
მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა
და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,
შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი
და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ…
მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,
და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე
და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,
ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,
რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ…

 
 
27/0.264