RSS
 

ილია ჭავჭავაძე

გაზაფხული

02 Mar

ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.

აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?

 

(დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა) …

16 Feb

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში.

დიდხანს ვებრძოდი სიმდაბლეს, მტრობას,
და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი.
ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ
არ მომიხრია ამაყი თავი.

ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ,
გვიან შევიტყე ეს ცდომილება;
ეხლა მათ საზიზღ, მდაბალ მტრობაზედ
არც მეცინება, არც მეტირება.

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში!

 

დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან…

19 Dec

დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;

რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,
გულწრფელობითა და სიმართლითა,
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:

იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში!
შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა;
თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან — ჩრდილში
ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.

 

მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული…

19 Dec

მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება.

დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის, გროვდება,
გრძნობა გრძნობაზედ შეუპოვრად იძვრის ჩემს გულში,
და მე არ ვჩივი, — მიხარიან, რომ ეგრეთ ჰშრვება
ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში.

მაგრამ მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
ის არი მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში, კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარო!..

 

მესმის, მესმის სანატრელი…

19 Dec

მესმის, მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს
დასათრგუნვლად მონობისა.

აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
და აღმიგზნებს იმედს გულში…
ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში!

 

უსულდგმულო ცხოვრება…

19 Dec

უსულდგმულო ცხოვრება
ცის ნიჭად ნუ გგონია,
იგი მიწის ყოფილა —
რასაც ბოლო ჰქონია!

ცხოვრებას აცისკროვნებს
სული, საქმით მეტყველი,
და ის უბოლო არის,
ვით სულის შთამბერველი.

ნეტა ვინც კარგის საქმით
აღნიშნავს თავის დროსა!
ის აქავ ეწაფება
უკვდავების წყაროსა!..

 

მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით…

19 Dec

მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,
როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,
და ქალწულების კრთომით, მორცხვობით
მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე;

მე დაგყურებდე ტრფიალებითა,
შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;
მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა
მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.

ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა.

ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე
და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა
შენის სიწმინდით ვიგერიებდე…

 

ლოცვა

19 Dec

მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა…
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: ”შეუნდე, – არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”

 

ელეგია

19 Dec

მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!

ვიდექ მარტოკა… და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება…
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!

 

პასუხის პასუხი

13 Dec

I
ჩვენ უჩინონი,
ჩვენ უჩინონი
თქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ…
იქიდამ ვკნავით,
სად თქვენის მადლით
ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეული ვართ.

ჩვენ ვვლეთ რუსეთი,
მაგრამ არც ერთი
ხელობა თქვენი არ გვისწავლია;
ჩვენი ქვეყანა,
მკვდარი თქვენგანა,
თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია. Read the rest of this entry »

 
 
25/0.337