“ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო
ისე თამამი და კალმახური
ტანზე არ მაკმარა საბანი და
თავის სიმხურვალეც დამახურა.
ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები,
როგორც ქალწულობის მიტოვება,
ჩემზე გაიზმორა დალოცვილი
ისე ვნებიანად იტორება?!
სუნიც ისე ჰქონდა ალესილი-
ველურ ყვავილების სატევარი
ჩემდა უნებურად გავიფიქრე
“ღამე გამიხდება სათევარი”.
ისე დამათენა ამბორები,
ისე გადიპარა აივნიდან,
მისი უტაქტობის მონატრება
ვიცი არასოდეს გაივლიდა
დამმშვიდობებოდა მაინც! “
გიორგი ზანგური
ქურდი
. . .
სურნელი მიყვარს ასულების,
ნატვრას რომ სიზმარში გისრულებენ,
სიტყვები _ უშნოდ თავგასულები,
სიტყვებად დაშლილი სისულელე.
საათი დროიდან მიმალული,
სუფრა უსასრულო სასმისებით,
ჩემი დალუქული სინანული,
მარტის უყვავილო გასხვისებით.
მიყვარს გაფრენილი თავსაფარი _
ქარის თავსატეხი ისტორია,
ცხელი ამბორების ტანსაბანი _
ვნებაუსასრულო მისტერია.
მიყვარს სიცილისგან გადარევა,
დილა მზისსხივებამადიანი,
ღამის ღრიანცელში გატარება,
ღამე ღვინიანი, დარდიანი.
მიყვარს ხელის გაშლა დოლიანი,
ცეკვა დაუდევრად `მოხევურის~,
ჩემი ძმადნაფიცი ცოფიანი,
ბეჭებმთაგაშლილი, მოხეული.
მიყვარს ამინდები ავდრიანი,
ქუჩის ხეტიალში მობინდება,
კოცნა უეცარი, ადრიანი,
როცა თავბრუს ხვევა მომინდება.
ტანზე ფოთლები რომ დამდიან და
ქალის სახელებს რომ ბოდავენ,
მისთვის შევიქმენი დარდიანი,
მწიფე შემოდგომის მოდავე.
თუთის კენწეროდან
ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან,
ვიცი ტუჩებიდან ამბორს ამათლიან,
ქალაქს წვიმაში რომ მხრებზე ეცემოდა.
ღრუბლის აივანზე სხივის გამოფენას,
ჩრდილებჩამოწელილ კედლის ავარიას,
მზისკენ დედამიწის ყოველ გამოფრენას
წარსულუქონელი აწმყო აბარია.
ხვრეტდა ხელისგულებს ცერით ბალერინა,
ღამის სიგარეტი მალე იწეოდა
და მე ვიხსენებდი, შენი მანერიდან
ქალის სიფაქიზე როგორ იქცეოდა.
ქარმა გაიტაცა ხიდან საქანელა,
ჩვენი ბავშვობიდან აწმყოს ვიფერადებ.
მახსოვს ერთი სახლის ქუჩის დაქანება,
სადაც საქორწინო კაბას გიკერავდნენ.
ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან,
ახლა ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან,
ქალაქს ხალისით რომ თვალში ეცემოდა.
ცოცხალი გვამების გალია
თოვლი და გრიგალი, ყინულის მესერი,
ეპოქა _ ცოცხალი გვამების გალია
კრავივით გაწირავს სერგეი ესენინს
რუსეთის სამეფო პოეტი მკვდარია.
გაუწყდა ხმასავით მერცხლების ჭიკჭიკი _
სტრიქონის მარყუჟი პაოლო იაშვილს,
მოესმა ლულიდან ტყუპების ტიკტიკი,
საყელოს ისწორებს სარკეში _ ტყვიაში.
_ ვერავინ ნახეთ ტიტებში ტიტე?
_ ვეძებეთ ყველგან, მზეშიაც არ ჩანს!
ლექსების საცავს დაემსხვრა კლიტე
და მარგალიტი მოპარეს მარჯანს.
კოლაუს ისევ აციებს ტანში,
ბოლო შემორჩა წუხილის სუფრას.
ბოშებმა გუშინ დამარხეს ბავშვი,
მეზობლის ბავშვი უმანკო, სუფთა.
_ წისქვილის ლოდი შეჩერდა, გოგლაა!
_ სადა ხართ, ძმებო _ ჭადრებო, ქარში?!
მერე გადედლდა და ნისლი მოკლა,
რძესავით ნისლი ურძეო ქალში.
გედივით გაქრა ლანდი კარმელი
და სამოთხისკენ ცეკვით აცილებს
ცეცხლის ენაზე მდგარი კარმენი,
თოვლის ზეწარში ია საძილე.
ტერენტი დადის ხან უკან, ხან წინ.
ყურებთან წვიმა ჩურჩულებს მკვეთრი.
ცისფერი, ცისფერი, ცისფერი ყანწი,
ღვთიური ბოდვა _ იესოს ხვედრი.
სიკვდილთან ეჭვიანობა
შენ ზეცის თავს ზევით _
მზის გულში თავსდები
და ვარსკვლავავსებულ
ორბიტას გარს უვლი.
მე შენი განცდებით
წამს დავემსგავსები,
ჩემში არარსებულ,
მოგონილ წარსულით.
შენ ღრუბლისეულებს
შეხვდები სანისლეს,
სულებს და სხეულებს
სითეთრეს აუშლი.
მე დამასნეულებს,
რომ ჩემსას არ ისმენ,
რომ თვალებს ნაწვიმარ
დღესავთი დაუშრი.
შენ მიემგზავრები
ნიავთა ლაშქარით
მოკვდავთა ნატვრების
ვარდისფერ საუფლოს.
მე ისევ ჯიბეში
მაქვს შენი თავშალი
და როცა დავთვრები,
სულ მასთან ვსაუბრობ.
შენ ალისვნებიან
მაგმური აღგზნებით
ნახევარმთვარესთან
ჟინს იკლავ, ისვენებ.
დღეს აივსებიან
მოთმენის ვაზნები
და შენს სამარესთან
მიშველე!
მიშველე!!
მიშველე!!!
ჩვეულებრივი დღე
ჩვეულებრივად დაღამდა ჩვეულებრივი დღე,
ჩვეულებრივი ვარსკვლავი ჩვეულებრივად ანათებს.
შენი დაკარგვის ამბავიც ჩვეულებრივად შევიტყვე
და მარტოობას უნიჭო მსახიობივით ვამართლებ.
ჩვეულებრივი სიზმრებით ჩვეულებრივად ვიძინებ,
ჩემს ჩვეულებრივ ოთახში ქარმა ფანჯარა ჩალეწა.
რადგან სულელურ ამბავზე ჩვეულებრივად ვიცინე,
წითელი ღვინოც პერანგზე ჩვეულებრივად დამექცა.
ჩვეულებრივი სუნი მაქვს, ჩვუელებრივი განცდები,
ჩვეულებრივად ვსაუბრობ, ჩვეულებრივად მაცვია.
ასე მგონია სიხარულს გზაზე ბრმასავით ავცდები,
ჩვეულებრივად იტყვიან _ `უსიხარულო კაცია~.
ჩვეულებივად დავფრინავ, ჩვეულებრივი ოცნებით,
დეკემბერია! ქუჩაში ჩვეულებრივად ითოვებს.
უნდა მიყვარდეს მე შენი ჩვეულებრივი კოცნები,
ტუჩზე რომ დამადნება და არაფრის გემოს მიტოვებს.
უნდა ვუყურო პაემანს ჩვეულებრივი წყვილებით,
ყვავილებს ბიჭი იყიდის, როგორც წესი და რიგია.
უნდა მიყვარდეს თბილისის ჩვეულებრივი წვიმები
და ნიაღვარი სტრიქონი არ იყოს, როგორც სტიქია.
ეს მსახიობი სცენაზე ჩვეულებრივად თამაშობს,
ეს კი, იცნობდეთ, მხატვარი _ ჩვეულებრივი მხატვრობით.
დედა წვიმიდან შემოსულს ჩვეულებრივად გამაშრობს
და დავშორდები სიყვარულს ჩვეულებრივი მადლობით.
ჩვეულებრივად რას ნიშნავს? ჩვეულებრივად _ ეს როგორ?
უჩვეულობის გარეშე? მაშინ სიცოცხლე რად მინდა?!
თუ შემიყვარდა ისე რა, ჩვეულებრივად ეს გოგო
და არ ვაჩუქე მაისი აყვავებული ატმიდან….
ჩვეულებრივად რად მინდა?!
***
ვნებაში დამჭრეს, ოცნებაში, ნეტარებაში…
გახსნილ ჭრილობებს თოვლის ბამბით ისე ვიციებ,
რომ მოვიყინე ყველა სიტყვა მე შენს ქებაში
და ლექსში მკვდარი სტრიქონივით წამოვიწიე.
დავდივარ ახლა შენს ქუჩაზე ძახილის ნიშნად,
შენთან ცხოვრებას დავატარებ მემაწვნის მხრებით,
ჩვენი ყოველი სიახლოვე იყიდა შიშმა,
განშორებამ კი _ თეთრი ღამე, ლოგინის ხმები.
ის დრო დავწყევლე, ჩემამდე რომ უცხომ გიარა,
აყვავებული რომ დამიხვდა შენი კვირტები,
მე წუთი მომკლავს უშენობით, წელი კი არა
და ის, რომ ძველებურად არ მაკვირდები.
მანძილი
ყველაზე სულის ნაწილებს,
ყველაზე ღრმას და მიუღწევს,
ერთი სული აქვს გესცილდეს
ტანს და ვარსკვლავებს მიუწვეს.
ყველაზე ცოდვის ატანას,
ყველაზე უხმოდ ტარებას,
მე დავამარცხებ სატანას _
ძილში კოშმარულ ზმანებას.
ყველაზე უთქმელ ტრფობას და
ყველაზე ფარულ ამბორებს,
შევხვდები ტყემლის თოვასთან
ჩემი ლექსების გამგონეს.
ყველაზე თეთრი ფანტელის
ყველაზე ცივი შეხებით
წელში გამტყდარი სანთელის
ცოდვილ ვედრებას შევხვდები.
ყველაზე სევდის გაძლება,
ყველაზე ტანჯვის ლახვარი,
ცისფერ ვენებში დაძვრება
სისხლი, უგულოდ ნახმარი.
ყველაზე დედის ლოცვებმა,
ყველაზე იავნანინა,
დღეს მიმატოვა ოცნებამ
ყველაზე ჩემიანიდან.
ყველაზე ტრაგიკომედის
ყველაზე ამტან ჰისტრიონს
სჭირდება ძალა კომეტის,
რომ თქვენს სურვილებს მისდიოს.
ყველაზე დიდი ბიძგიდან,
ყველაზე გულის ნაწილი
მჭირდება დედამიწიდან
ცას გასაფრენი მანძილი.
საღამო
თვალი თევზივით დავამარილე,
მლაშე ცრემლები მიახმა ლოყას,
დგას ღვთისმშობელი, ვით მარმარილო,
სანთლებს ვედრება ხატებთან მოჰყავს.
წმინდანებს თითქოს სიყვარულს უხნის,
ისე გულწრფელად ლოცულობს ბერი,
სამრეკლოს შერჩა თებერვლის სუსხი
მკაცრი ტყემლების ყვავილის ფერი.
ქარმა გაჩეჩა მატყლივით ქუჩა
ლამაზ ქალწულთა გაშლილი თმებით,
სკდება აპრილი, როგორც ალუჩა
და სიმპათიურ საღამოს ვხვდები…
ტყუპები
ტანს შენი მხრები მაცვია,
თავს შენი თმები მხურავს,
მაქვს შენი ინტონაცია,
ვარ შენი ხელისგულა;
მჭირს შენნაირი სენი და
ვერ ვეგუები სევდას,
ხარ ჩემი სამოსელი და
ვარ შენი თოვლის გუნდა.
დღეს შენნაირი ნაზი ვარ,
მსურ ყვავილების კრეფა,
ხვალ ყვირილი და ბრაზი ვარ,
ხვალ გაღიმება ქრება. Read the rest of this entry »