RSS
 

გიორგი არაბული

გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ

11 Dec

გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ,
ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა,
თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ,
მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ მინდვრიდან
ვუთვალთვალებდით. ვივიწყებდით გარდაცვლილს. ხალხი
მიუჯდებოდა გრძელ მაგიდას მერე კი სვამდნენ,
ჩვენც იმათ გვერდით გავიზარდეთ დიდები გავხდით
და წამოვდექით როცა ჩვენი მამები ადგნენ.
ბებიის კალთის ჯიბეებში სულ იყო ვაშლი,
ვერ დავივიწყეთ მისი გემო გვსურდა ყელამდე
ამოგვეტენა მუცლები და მეზობლის ბავშვი
ჩვენთან რჩებოდა, მისი დები მუდამ ღელავდნენ. Read the rest of this entry »

 

მე და შენ ღმერთო

11 Dec

მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი),
არ შეგვიძლია, სხეული რომ წამებას მივცეთ,
ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი
და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე.
გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის,
მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში,
ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის,
სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო დავრჩი.
დრო იტყუება… კვლავ გოლგოთის მთიდან დაგვყურებ,
მე პირჯვარს ვიწერ და ვლოცულობ და ღმერთო… “ამინ”
კაცობრიობა დაამწყვდიეს… კარი დახურეს…
ახლა ფანჯრებთან ერთმანეთის სხეულებს ჭამენ.
მიწაზე ყველას დაავიწყდა რწმენაც და ქრისტეც,
ჯვარზე გაცვეს და დაიჯერეს… ჰგონიხარ მკვდარი -
ადამიანებს – ძნელია რომ დღეს რწმენა მივცეთ
მე და შენ, ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი)

 

არ გეგონოს

28 Jul

არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ,
მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი,
ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს,
რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი.

სიყვარულისა რა გითხრა ქალავ,
თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს,
შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ,
ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ.

არ ვიცი იქნებ მიყვარხარ ქალავ,
ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ,
ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ
და პოეტივით ლექსებად გიმხელ.

 

ზეცას შახენეო აპარეკავ

07 Jul

“ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”

”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”

”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით.”

”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”

ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,

”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”

ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.

სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.

ქალმა ლუკმა მისცა… თავ დახარა,
”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა…”

სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და…)

”… რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და…” -

შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,…
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.

გიორგი არაბული

 
 
23/0.221