მახსოვს ის ცელქი ცქრიალი,
მუცოში მოცვზე ცილობა,
ცად ცისარტყელას ციალი,
ოცნება და სიცილობა.
კოცნა დამქცევის სიცივის
ან ცვენა ცხელი ცრემლების,
ან ცივი ცვარის ციმციმი,
ცერებში ცეკვა ცელების.
კლდის ცქერით ზღვა გაოცება,
ცად აცერილი ფიცარი,
ან საოცნებო ცხოვრება,
სიმტკიცით შენაფიცარი.
ან ციყვის მომცრო ცაცებით,
ცირცელზე გადაცოცება,
ალიცლიცული ცაცხვები,
ცად ატყორცნილი ლოცვებად.
ან ჯერაც გასაციები,
ცვრიანი ხორცი აცმული,
მეცხრე ცას ასაცილები,
ცხელი კოცონის ტკაცუნი.
იმაზე ანცი ოცნება
რაც არ იცი და რაც იცი,
ცის-კარზე ცის დამორცხვება,
ცისფერ სივრცესთან ლაციცი.
ციცინათელას ციალი,
ოცნება და სიცილობა,
გახსოვს ის ცელქი ცქრიალი,
მუცოში მოცვზე ცილობა?
გელა დაიაური
მახსოვს ის ცელქი ცქრიალი
ფიქრი გადაგვარებაზე
ზოგჯერ გავიფიქრებ, გავგიჟდე და
ვთქვა, ნამუსგარეცხილი ქალის შვილი ვიყო,
ხშირად შევიგინო, _ ჩემი დედა!..
ტრადიცებიდან გავირიყო.
არვინ გაიკვირვოს, _ შეიძლება,
გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო,
თმა გადავიშალო კულულებად,
ცხვირზე საყურე გავიკეთო.
ვინატრო ანტალია, ან ის `რიო~
სულ არ გავიხსენო ვარძია,
როკზე და რემიქსზე გადვირიო,
ქართულზე ჩავიუბნო: _ `ბანძია~ …
კანაფი გავაბოლო, კუბები მოვითვალო,
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა,
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო,
გერები მივიღო საკუთრად.
კაცმა, ვიწუწუნო: დედა, მამა, მშია!
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო,
დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია,
მაგრამ … ქართველობას რა ვუყო.
მუნჯი ტკივილი
ვინ იცის ქვაო, როგორ გტკივა
თოვლი გაგიჟებს,
ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა
ფეხს რომ გაბიჯებ.
ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს
ყოფნა უენო,
ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი
ყოფნა უშენოდ.
ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით
გტკივა ფესვები
წელში იხრებით ქართან ომით
არყნი, მუხები.
ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ
დიდხანს სიცოცხლე,
ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,
ყოფნას ვუმოკლებთ.
ვინ იცის, ურვა და ჩივილი
ქარის, მიწის, ცის . . .
პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის
არავინ იცის.
მუცოს გოდება
სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.
მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
“ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო”.
ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო…
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
“წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო”.
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო .