სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი,
ობოლი ვიყავ მე მაშინაც, სულით ობოლი;
ჟამი მიჰქროდა ახალი დღით განრიგებული,
არ მშვიდდებოდა ჩემში მაინც გული ვნებული.
დღესაც მარტო ვერ, სიყვარულის არ მესმის ნანა.
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა მთელი ქვეყანა,
მოვკვდე და გული ვის დავსწყვიტო, ვინ დავაობლო?
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი სამშობლო.
რად მინდა მივსწვდე მიუწვდომელს, ვრცელს და უსაზღვროს?
მეგობრობაში, სიყვარულში, შურში, მტრობაში,
მარტო ვიქნები და რა ვპოვო მარტოობაში,
ვიმღერო? მაგრამ ჩემთვის რაა ჩემი სიმღერა?
წუთით მიტაცებს, სამუდამო წყლულს ვერ შლის, ვერა!
და თუ შორს ვინმე ტკბება ჩემი სევდიან ხმებით,
ის ჩემს ხმებს მიჰყავს… მე ვის წავყვე ჩემი წამებით?
ან მეგობარის თუ მომესმა ნეტარი ხმობა,
შემეძლება კი სიყვარული და მეგობრობა?
არცა თუ მცირედ შეუდგა გულს სევდა-ნაღველი,
რომ კვლავ შემეძლოს ზეცისაკენ აღვაპყრო ხელი.
ო, სად ხარ, სადა, უჩვეულო რაიმე ძალო,
სიცარიელის შავი ნისლი რომ გამაცალო
გალაკტიონ ტაბიძე
უდაბნო
მზეო თიბათვისა
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები,
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით
ფრთებით დაიფარე ამას გევედრები
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები.
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.
ლურჯა ცხენები
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარ მდუმარების გარეშე…
მდიმარების გარეშე და სიცივის თარეშში,
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხრეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით – ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით ! ყველა აქ არიან ! Read the rest of this entry »
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილში ვარდი,
ჩემი ცხოვრება გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!
ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და ტეტრ ოლარებს ააელვარებს. Read the rest of this entry »
რომელი საათია?
ეხლა რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული -
რომელი საათია? რომელი საათია?
ვდგავარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ეხლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?
სამი, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ მაინც წყვდიადია,
კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -
რომელი საათია, რომელი საათია? Read the rest of this entry »
უკანასკნელი მატარებელი
ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარებელი.
ვიცი, ამ წასვლას რა ეწოდება, -
რა საჭიროა ეხლა გოდება.
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?
მატარებელი თვლემს, როგორც ლავა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა,
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა.
აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები!
ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი,-
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი,
გამოსალმების ხელოვნებისთვის
ნუთუ არვის არს პოეტის მეტი?
ცამეტი წლის ხარ
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვე
ჭაღარა გულის ზმანება ავი,-
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!
გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ბალახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.
ოჰ, როგრო მიდის ახალგაზრდობა -
დაუდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.
მადლობას ვუხდით marbella-ს გალაკტიონის ლექსების დამატებისავის.
მესაფლავე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს. Read the rest of this entry »
უსიყვარულოდ
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ…
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უზმანო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს…
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
ვერხვები
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ…
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღად და მიეძინათ…
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის ან ვისთან? არ ვიცი, არა!
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა,
დრომ ყვავილებით დააგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი – პრინცესა.