RSS
 

გალაკტიონ ტაბიძე

უსიყვარულოდ…

31 Mar

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ….
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს…
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

 

ქებათა-ქება ნიკორწმინდას…

14 Mar

მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, – როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურ-თმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა! Read the rest of this entry »

 

არ ვარ ობოლი ამ ქვეყანაზე

21 Feb

არ ვარ ობილი ამ ქვეყანაზე,
შენ მეგულები ნუგეშად სანამ…
რა არის ტკბილი დედის ნანაზე,
მე მიმატოვა ადრე იმ ნანამ.
მაინც დავდივარ ამ ქვეყანაზა.

სულ არ ვივლიდი ამ ქვეყანაზე,
ნუგეშად რომ არ მეგულებოდე,
დაე,მგოსნობით მრავალ ხანაზე
ზოგს ვყვარებოდე,ზოგს ვძულებოდე.
ობლად თავს არ ვთვლი ამ ქვეყანაზე.

არ ვარ ობოოლი ამ ქვეყანაზე,
აგერ ქნარები აგერ გულები…
ზღვაო,ის ჰანგი შენ გაანზე,
კვლავ ვიტყვი;რაკი შენ მეგულები,
ობლად თავს არ ვთვლი ამ ქვეყანაზე.

 

გადმოფრენას ეს ყორანი

18 Feb

გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირებს.

ასე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
ასე რეკავს საზანდარი -
უქმი, შემაქცევარი,

რომ ისმოდეს საიათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედლებს ფარშავანგები. Read the rest of this entry »

 

გორა-გორა, ვაზი-ვაზი

14 Feb

გორა-გორა, ვაზი-ვაზი,
მთვარით მონამკედარი;
ხევით ხევზე, მთიდან მთაზე,
ეშურება მხედარი.

ფეოდალი ძველისძველი,
მეფეთ შთამომავალი,
ვისიც იყო მთა და ველი
და კოშკები მრავალი,

ახლა მიჰქრის, იგი მიჰქრის,
მერანს ცეცხლი ედება.
არა! ეს გზა არის ფიქრის,
ყველგან რომ ეხეტება.

ნანგრევს იქით, კოშკებს იქით,
სიზმარიც კი მკრთალია.
ეს შრომაა ლალის ჭიქით…
რა დროს ფეოდალია!

შრომით მოველ, შრომით წავალ,
მხოლოდ შრომა ამიერ,
იყოს მრავალ, უფრო მრავალ,
კიდევ მრავალჟამიერ!..

 

ქარით დატირებული

19 Dec

ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მოფრინავდა ფოთოლი, ხიდან ჩამოფრენილი.
და სტიროდა მიდამო, იძვრცებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.
შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე, ჩემი გულის სიცივეს.
ეხლა… თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი…

 

ჰამლეტის ქნარით

19 Dec

ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინვის წუთისოფელია,
წადი… წადი მონასტერში, მონასტერში ოფელია!
ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე,
დამაშვრალი სული, გული მონასტერში მოასვენე!
მაშ, შორს მტვერი, შორს, შორს მიწა! – ის ცის უარმყოფელია…
წადი… წადი მონასტერში! მონასტერში, ოფელია!…

 

მიმღერე რამე

19 Dec

როგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრულის
დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე,
იმას იგონებს დაღონდება დადაღულ გულის…
იმ სიყვარულის მიმღერე რამე!
ყმაწვილკაცობა, ყვავილები სიცოცხლის დილის
ბურუსებს იქით გადიკარგა… როგორ ვეწამე!
ეხლა თავს მადგას ჭმუნვარება მომავლის ჩრდილის.
იმ სიყმაწვილის მიმღერე რამე!
დიდი მიზანი, ბრძოლა იყო ახალ დღეების,
არ დავცემულვარ, მაგრამ გესლით მე მოვიშხამე.
აი, ნაყოფი ქარიშხლიან სიცოცხლის ვნების.
მე იმ ბრძოლების მიმღერე რამე!
ახალგაზრდათა ბრძოლის შემდეგ დაუძლურების
და წარუშლელი მწუხარების გავხდი მოწამე,
მოწამე გავხდი ცეცხლისა და განადგურების…
გემუდარები, მიმღერე რამე!

 

უდაბნო

16 Dec

სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი,
ობოლი ვიყავ მე მაშინაც, სულით ობოლი;
ჟამი მიჰქროდა ახალი დღით განრიგებული,
არ მშვიდდებოდა ჩემში მაინც გული ვნებული.
დღესაც მარტო ვერ, სიყვარულის არ მესმის ნანა.
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა მთელი ქვეყანა,
მოვკვდე და გული ვის დავსწყვიტო, ვინ დავაობლო?
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი სამშობლო.
რად მინდა მივსწვდე მიუწვდომელს, ვრცელს და უსაზღვროს?
მეგობრობაში, სიყვარულში, შურში, მტრობაში,
მარტო ვიქნები და რა ვპოვო მარტოობაში,
ვიმღერო? მაგრამ ჩემთვის რაა ჩემი სიმღერა?
წუთით მიტაცებს, სამუდამო წყლულს ვერ შლის, ვერა!
და თუ შორს ვინმე ტკბება ჩემი სევდიან ხმებით,
ის ჩემს ხმებს მიჰყავს… მე ვის წავყვე ჩემი წამებით?
ან მეგობარის თუ მომესმა ნეტარი ხმობა,
შემეძლება კი სიყვარული და მეგობრობა?
არცა თუ მცირედ შეუდგა გულს სევდა-ნაღველი,
რომ კვლავ შემეძლოს ზეცისაკენ აღვაპყრო ხელი.
ო, სად ხარ, სადა, უჩვეულო რაიმე ძალო,
სიცარიელის შავი ნისლი რომ გამაცალო

 

მზეო თიბათვისა

16 Dec

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები,
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით
ფრთებით დაიფარე ამას გევედრები

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები.
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

 
 
25/0.222