ჰაერი ცივ-ნამიანი,
ჩემთვის აღარ-ა დღიანი!
მას ვშორავ გულ-სევდიანი,
ვის მოლოდნა მაქვს გვიანი!
ქუფრ-ხვევით, თვალ-ცრემლიანი,
აღარა სადა ხმიანი,
თავ-მოხრით ვნახე იანი;
სხივნი ჰკლებოდეს მზიანი!
ბესარიონ გაბაშვილი
ჰაერი ცივ-ნამიანი
ცრემლთა ისარნი
ცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით
ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით!
უცხონი თემით სოფლის ცემით გავიგარენით,
უჭკნობნი ვარდნი ეს-გვარ დარდნი დავიბძარენით, -
არ ითქმის ენით, არცა სმენით, ეს იკმარენით!
როს გვაგონდებით, შევღონდებით, ლომნო ყმა-ძმანო,
თან-ზრდილნო სწორნო, განაშორნო, საყვარლად კმანო!
ვა კიდეგანთა, აზდენ თქმათა გლოვისა ხმანო,
ატადის-კალოს, სავალალოს, სადა ხართ, თქმანო!
დაგვბერნა ქარმან დაუწყნარმან, ზღვად ვიფარენით!
დაბერდა ყური, სევდის ჭური რა ჰპოვა სოფლით,
დაბინდნა თვალნი, შეუმკრთალნი, ცრემლით და ოფლით,
დადგესცა ხელნი, მარჯვედ წრფელნი, შორნი საყოფლით,
ხელმწიფე გული, ცეცხლ-დაგული, სულით გამყოფლით,
ჭირსამცა თქვენსა თუ გალხენსა, მოიხმარენით!
დავნატრი მზესა, სიამესა, დილა თქვენ გარებს,
ღამე მთოვარე, ქველ მოარე, ხასიათ გვარებს,
ცისკარ მთიები, სხვა ციები პირველ გახარებს
და მერმე ჩრდილოს სასიკვდილოს ღრუბელს დაჰფარებს!
ამ დღე-ღამითა და ჟამითა დაემწარენით!
სიზმარს ვემონვით ძილ-შეკონვით, ნუ თუმცა გნახეთ,
სახე-უსახო, საახვახო ეს განვიზრახეთ,
სხვამცა პატრონი, ანუ დრონი, ვერღა დავსახეთ,
ყარიბთა ბანი, გზის საბანი, ეკლით შევსჩმახეთ!
მოყვასთა ცრემლნი სწვიმეთ ცხელნი, მტერთ იხარენით!
შავნი შაშვნი
შავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი,
სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი,
მრჩობლად მხედნი, მით ერთითა პირითა
მათებურად სალ გულთ ამატკინავნი, -
გაზაფხულის შემოსლვისა მხმობელნი,
ია-ვარდ-ზამბახთა მახარობელნი,
სხვა ყვავილთა და სხვა ამბავთ მთხრობელნი,
შავ-ხავედ მოსილნი, ქუფრად მბზინავნი, -
ერთი ერთის მიმდევარნი, ერთ-პირნი,
ორნი ერთის შესაპყრობლად მომბირნი,
საშიშარად შარას თვალ-შემაჭვირნი,
ხან მომკვლელ, ხან მომწყლვლელ, ხანცა მლხინავნი, -
შემოკერბით, მოდით, ვნახოთ, ვინ არნი,
ორნი ტოლნი შავ-მოსვითა მჩინარნი,
არ მოწყენით მომღერალნი, მღიმარნი,
ყარიბისა ცრემლის დამადინარნი!
სევდის ბაღს
სევდის ბაღს შეველ შენაღონები:
მოკრეფად მსურდა ვარდის კონები.
ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები,
ისარი მყორცა დასამონები,
სრულად მიმიღო ყოვლი ღონები;
მითხრა: „იფიქრე გულს-ნაქონები;
მისთვის იქმნები დასაყოვნები!“
ვერ მივხვდი მახვილ-განაწონები ;
მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები!
იასა ვჰკითხე, – მუნ იდგა ნაზი:
„ვარდსა რა ვუქმენ კართა სარაზი?
„ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!“
მანცა გამაგდო: „გარეგან – გაზი,
„შენგან გვაჩნია გულებსა ხაზი!
„სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი!
„შენს გულსა ჰკითხე, მიაპყარ გაზი!
„შენის გონებით იქნები რაზი:
„ჩვენ დაგვთმეო და სხვას ემონები!“
რა ია გამიწყრა, ნარგიზს მივმართე,
სისხლის ცრემლითა სიტყვანი დავრთე;
ვეუბნებოდი: „შენ წარმიმართე
იწროს გზის პოვნად! გზები გაქვს ფართე!
ჩემსა ნუგეშსა ხელი შემართე:
ვარდს მამუდარე, ალერსი ჩართე.
შავ-გულსა ლხინი შენ მოუსართე.
შემომითვალოს, რა უკუღმართე?
რად მომიგონა მოუგონები?“
ნარგიზი ვნახე შებრალებითა,
ცრემლსა სცვარვიდა მორიდებითა;
მითხრა: „ყარიბო!“ მონაზებითა:
„ვარდი მით არის გულ-დაკლებითა,
„რომ შენი იყო თავ-დადებითა, -
„შენ რისთვის დაჰსთმე სხვისა ხლებითა?
„თავი მოსწონდა, ჰყვანდი ნებითა; -
„რად გიკვირს, გასწყრეს ცეცხლ-მოდებითა?
„ნაცვალი მოგხვდა დანახსოვნები!“
დავბრუნდი ყოვლგნით შეუბრალები;
ბაღის კარს დავჯექ შენაძალები,
ცრემლით აღმევსნეს მწირნი თვალები;
ვიყავ ბედისა დამაბრალები.
ვინცა მნახვიდენ დამაშვრალები,
შეიქმნებოდენ ჭირ-ნაკრძალები.
მეც მომხვდა სოფლის მკვლელი ბრჭალები!
ბესიკი სიკვდილს არ ვემალები,
თავი მაქვს მისთვის შენაწონები!
მე შენმა ფიქრმა მიმარინდა
მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა!
ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა!
ვარდის ბაგენი შვენიერად სხვა მაპირებსა!
ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა!
როდეს იქნება, შემომხედო გულსა მწირებსა!
ეტლ-შვენიერად მოარული გამჰსგავსე მთვარეს;
შენის ეშყითა მასა შევჰსტრფი, დამე ვვლი გარეს;
უცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს;
უსამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს!
არ ვიცი, ვისსა გაჰსწყობიხარ რჯულსა, ფირებსა?
თვით შენმა გულმა კარგად იცის, ვარ შენი მკვდარი;
შენმან სურვილმან ჩამოლია გული კლდე-მყარი.
პირველ შაქრისა გემო იყავ, ახლა ხარ მწარი;
სამართლიანი გზა დააგდე, დამიხშევ კარი!
ვინც რომ ამ ჭირში დამინახავს, დამიტირებსა!
მე ტკბილის გულით შემოგყურებ, შენ მემალები;
გინდა რომ მოვჰკვდე შეუყრელი, არ გებრალები!
რამდენის რიგით ცეცხლით დამწვი, მით მჭირს ძალები!
შენსა ბესიკსა შენი მოჰკლავს ცეცხლის ალები…
ერთხელ აღირსე შენი ხილვა შენსა მზირებსა!
დედოფალს ანაზედ
ვარ უცხო ვინმე ყარიბი,
ამა სიტყვითა მხმობელი,
ამა მუხთლისა სოფლისა
მაგინებელი, მგმობელი:
მონა ვარ მისი მუდამ ჟამ
და მისი შემამკობელი, -
იგია ჩემი ხელმწიფე
და ჩემი დამადნობელი!
ფუცავ, მე არვინ მიხილავს,
რომ არს შვენებით ანაო!
მთვარესა ეზრახებოდა:
„შენ ვერ ხარ ჩემისთანაო!“
ვარსკვლავნი მუდამ სამონოდ
გარს უდგენ თანის-თანაო.
მხილველნო, დამემოწმენით:
კარგი ყოფილა განაო?
ცნობა მიმიღო და გული,
სევდით შემზღუდა ანამან;
კვლავ მომკლა მისმან ციალმან
და წელთა მიმოტანამან;
კოკობსა ვარდსა ნარგიზმან
აპკურა ცრემლი, ანამა.
ჯობს, რომ არ ყვანდეს მიჯნური,
ან მოკლას ამისთანა მან!
იაგუნდი მოცინარობს:
„მარგალიტნო, მიახელთო!“
სათის ტბიდგან ისარს ისვრის:
ვინ გაუვლის ახლოს ველთო?
დალახვრავს და მძიმედ დაჰკოდს,
ველს განაბნევ დია ხელთო!
ნეტართაო ქონდეს ეს გზად;
უვიცადი გიახელთო.
მიმიღო ცნობა, -
არ ძალმიძს მკობა, -
ჩემმა ხელმქმნელმან, ლამაზმან ამან!
შემოსა ხელი,
ითნო სახელი
მისმან მგვანემან პაწაწანამან;
ალხინა გული,
წყლულ-დადაგული,
წყალობიანმან მისმან შანამან.
თქმულია ძველად:
„ვინც იყო ხელად,
ატრფე და მოგკლას ამისთანამან!“
ხელმწიფევ, გული
შენთან-ა ბმული,
წყალობიანად მომცემო შვების!
ნაზად ვინ ირთვი,
პირი მიირთვი
სიკვდიდმდე მტკიცე შენთა ნახლების!
თუმცა [რა] გცოდე,
ვიყო შემცოდე,
შენგან წყალობით ნუ მელხინების!
გიმუხთლო, ესე
ვიყოცა მკვნესე,
შენგანცა კიდე ვიყო-ცა სხვების!
მე შენი მგონე
მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო,
ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო,
მთიებო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო,
კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო!
მე შენსა ყარიბსა მიჯნურსა მაქვს სავალალო.
ჰხამს, შენთვის ხელმა, სოფელს მვლელმა, თავი ჭირს აროს,
შენნი უწყალო ჰინდ-ლაშქარნი გარ-შეისაროს,
მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს,
დაჭრილი ჰრბოდეს, ცხოველობა გაიმქისაროს!
მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო!
როს მოგიხილე, მყის შევიქენ თავისა მტერი!
რად არ ვიცოდი, არა გყვანდა შენი საფერი?!
ყოვლი მოყვარე შენგან ჩივის, ყმაა თუ ბერი!
რა გიამების, არვინ იცის, ვსცან ვერა ვერი!
დროა, თუ მომკლავ შენ, სიკეთე დაუთვალალო!
ძნელი ყოფილა, დამაშვრალსა შეხვდეს წყურვილი,
მზისა სიცხოვლე მირასჭირდეს, შექმნას ურვილი!
ვა ჩემსა ბედსა! იცი მე ვარ სულ-მიწურვილი;
მიკვირს, რად აღარ დამაკარვენ სათნი ბურვილი?
ჰგავს, რომ მოყვარე არად გინდა, მიუთვალალო!
მე შენმა თვალმა გარდამბირა, როს გნახე მთვარე;
შვიდნი ციურნი მოციმციმედ არ შეგადარე;
შენის ბაგისა ორნი მეცნეს: ტკბილი და მწარე;
ორ-კეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე!
შენი ბესიკი რად დამაგდენ, შეუბრალალო!
მე მივხვდი მაგა შენსა ბრალებსა
მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა!
მე განგიცხადებ დანამალებსა!
რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა,
ხელი რად მიჰყავ ძნელსა ვალებსა?
რად მიჰყევ სხვათა ჭკუა-მთვრალებსა,
ნებით მოშორდი მისათვალებსა?
არ შეგიბრალებ შეუბრალებსა,
თუმცა უყვარდი მისსა თვალებსა!
რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა? Read the rest of this entry »
ვარდო სასურო
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!
სულით ქებულო, შეგნებულო, სადა გყავს დარი?
ჩემს სხვა ცემული, გულმოკლული, შორს განიგარი!
ტანო ალვაო, მატს ხალვაო, მაქვს სანუკვარი,
სევდა და სენი, მომიხსენი რა საუბარი.
მე სხივცემული, გულმოწყლული, შორს განიგარი!
სასური მზისა, სინაზისა, შემესმა ხმანი,
მე მსურდა თავათ, გავხდი ავათ, უწყალო ყრმანი,
ვარ მისთვის ხელი, მომნახველი ვარ ჟამიანი.
ტრფიალსა გულსა, სულწასულსა, ბედი და თქმანი,
ვერ ვპოვე მახე, ჩემი დღენი არს შესაზარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!
ვიხილე სახე, ვივახვახე მისთვის ხელია,
თმა სათ-გიშერი, მშვენიერი მინა ყელია,
ორნი ობოლნი, ნაზად მწოლნი, ბროლის ველია,
მან მიდო შური, დასაბკური ცრემლი ცხელია.
სევდის ჟამი ვსვი, გულ დავისვი ეკალთა ნარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!
მინახამს წელი ჩემთვის მწველი მარად ჟამსადა,
არა მაქვს ცნობა უშენობა მე ერთ წამსადა,
მთიებს რა იღებ, სულს გავიღებ შენთვის ქრთამსადა.
მელნის ტბა იშრობს, არ შეიშრობს თვალთა ნამსადა,
მახეს აწვები, მაქვს ღაწვები ცრემლით ნაღარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!
ბესარიონ ვსთქვი, ვერ გამოვსთქვი მნათობის ქება,
მედება ალი, გულსა ბრჭალი, არა მაქვს შვება,
ასე უარი, მატყუარი, არ დამრთო ნება.
წამ-წამ მახვილი, გარს სახმილი მისთვის მედება,
მოყვარე, მტერნო, გბრალდეთ ერნო, მაქვს საჩივარი!
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!
ტანო ტატანო
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!
ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!
შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!