ანი მატისი 2011წელი
ანი მატისი
სამოსელი პირველი” ანუ შენ, როგორც დომენიკო და მე, როგორც სიტყვა “მაშასადამე”….
Artemisia Absinthium ანუ შენ ჩემი “შეშლილი სოკრატე”-დიოგენე სინოპელი. მე შენი გერტრუდა ზელე მაკლეონი, იგივე (მატა ჰარი)
ლამბაქზე დარჩენილი ბოლო კარამელი გალოკა მთვარემ
და პულკეს რძისფერი ქაფიანი წვენი-ტეკილა.
მაგ შენი თვალების ცისფერი უპე….
ღვინის ცარიელ კასრში გძინავს და დღედაღამ მთვრალებს
ყოველი სიტყვა ცარიელი, ცას გუნდრუკს უკმევს.
მერე გოლფშტრემში ტერასაზე ლუდსაც მივირთმევთ.
ვიღაც იძახის:-სანტიაგო!-(შენ იხედები).
და ფქვილის ტომრის ნაჭრებისგან დაკერილ აფრებს
იცავ ქარისგან .და (შენ) მეთევზის, (მე) შენი ცოლის სახელს ვირქმევთ
და შენ, ჩემი, (ამ დროში მოხუცი),თევზს იჭერ,-ბადეში დანაფერს.
შემდეგი გაჩერება. პარიზის მე-8 ოლქში. ელისეს მინდვრები.
უცებ გადაფურცლე მატისის ალბომი. მოიცა! შეხედე – “წითელი თევზები”
მაგ შენს ცისფერ თვალებს ლუვრის მტვერი უცებ მოეფინა
და როგორც საფრანგეთს-“ეიფელი”, ისე არ მბეზრდები.
შენ-ჩემი ნაპოლეონ ბონაპარტი. მე-შენი ბოარნე ჟოზეფინა!
ნისანის 15. შეხედე ის ღრუბლები, ამდენ ხანს რომ ელი.
საწყალი ბერლიოზი…ანუშკამ რელსებზე ზეთი, რომ დაღვარა.
კოროვიევს კი, დამსხვრეულ პენსნეზე ისევ ვოლანდი შერჩა მარგალიტად…
ხელები დაიბანა! შენ მკითხე ვინ არის?- გპასუხობ:-“პილატე პონტოელი”.
შენ-ჩემი ოსტატი. მე-შენი მარგარიტა!
“გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”-მარკესი. ევრიკა!
მეექვსე სართულის ფანჯრიდან “ლედი მადონებს’ უკითხავ ესენინს…
ეს გრძნობა,-ჩვენს ფერხთით დაყრილი ავკრიფეთ შინდებად
წავიღეთ სახლში და,-კედელზე დავკიდეთ პიკასოს “გერნიკა”….
შენ-ადამ, მე-ევა! აკრძალულ ნაყოფის ნუ შეგეშინდება!
“ფრთხილად,ღამე დამეღვარა!”
და თუ წამი, დაგებადა შენ წამებად,
დრო გიშველის, გადაგაქცევს წამწამებად!
მე სუნთქვით გგრძნობ!
ხელით ვერა.
გულით გხედავ,-
თვალით ვერა.
შენთვის სული შთამებერა
მომინდა და,-
ვერ შევძელი,
უცებ, ქარმა დაუბერა.
შენი ბაღის,- ჩემი ხილი.
ჩემი მძივის,- შენი ასხმა,
შენს სიზმარში,- ჩემი ძილი
და ფიქრების ისევ თავსხმა.
ჩემი წიგნის,- შენი გმირი.
შენი გემის,- ჩემი ღუზა.
ჩემი პალტოს,- შენი ღილი,
ისევ მსუსხავს, ეს მედუზა.
შენი თვალის,- ჩემი თვლემა.
ორი წინდა,- ისიც მწვანე.
ჩვენს გარშემო მთელი სივრცე,
ყაყაჩოსფრად გავამწვანე!
ჩემი სახლის,- შენი კარი.
შენი გულის,- ჩემი ფეთქვა.
ჩემი ხმა და შენი ქნარი
და,- ნუშების აფეთქება.
ჩემი ბაგის,- შენი კოცნა.
შენი ლექსის,- ჩემი სტროფი.
ჩემი ღვინის,- შენი ბოცა,
ზღვარზე ვდგევარ,- კატასტროფის.
ჩემი კაბის ჭრელი ბოლო.
შენი ფრთების,- ჩემი ფრენა.
ტალღებაკაპიწებული
ზღვის ნაპირზე, -აღმაფრენა.
შენი ნაკვთის,- ჩემი კრთომა.
თევზი ჩემი,- შენი ბადე.
თაფლისფერი თვალებიდან
ცრემლისფერად დაგებადე.
შენი ეზოს,- ჩემი ღობე.
თიხის თასი,- გრძნობით სავსე.
… და ჩემს სიმზე,- შენი თითი!
ყველა ნოტი გრძნობით მავსებს.
ჩვენი სახლი. სახლზე კიბე.
კიბეზე ვთვლით ღამე ფიქრებს.
უსარგებლო ფოსტის ყუთი,-
ცარიელი, ხან კი სავსე.
ჩვენს ეზოში ღიმილს ვუვლი
და წყალს ვუსხავ,- ყოველ ღამე,
რომ არასდროს არ დაჭკნეს და
არასოდეს, გადახუნდეს.
არცერთ კუთხეს არ ამშვენებს
ჭრელაჭრულა სურათები.
არ მჭირდება!
მე ისედაც,-
შენ თვალებით გიმახსოვრებ!
ანკარა წყლის ერთი პეშვი.
მოწყვეტილი იის ფასად
შეგროვილი,-
ერთი გროში.
დამსხვრეული ბროლის ქოში.
ჩვენს კარებზე დიდი აბრა,-
“ფრთხილად ღამე დამეღვარა”!
.
ანი მატისი