RSS
 

ანი მატისი

შენი Питерბურგი

23 Nov
დილაა  შენს ოთახში.გარეთ კი სველდება პეტერბურგი.
საბნის ქვეშ ისევ გრძნობ, გულის 7 ბალიან მაგნიტუდას,
გინდა რომ გიყვარდეს ისე,რომ „თეთრ ღამეებს“ დაპირდები
თუნდაც მოგიწიოს შენი ბოლო სუნთქვის გამეტებაც.სხეულს მიაჩვიე ბალტიის ზღვა და გრანიტის ნაპირები.
ჭედური ლითონის გალავნები და ქალაქის ბაროკო.
პეტერბურგს დარჩენას მაინც ბოლომდე ნუ დაპირდები
თუნდაც მთელი განძი, შენს არსებაში რომ დააბანაკოს.„Невский-106“.ცოტა ტრუფელი და ჭიქა კონიაკი.
შენ გარშემო კი უცხო მამაკაცთა თვალების მაყრიონი
უცებ შეიკრიბა.სურვილს პერანგის ქვეშ ღილით თუ აკავებენ
თითის დაქნევა და, სხეულზე იებს რომ მოგაყრიან.მერე ერმიტაჟი.შუხინი,მოროზოვი,რუსეთის იმპერიის რეგალია.
იქნებ შენც დაგხატონ,  და  ამ ექსპონატებს შორის გაბუჟდები.
მერე მოგიპარავს ვინმე მაგნატი და (ოღონდ ლეგალურად).
„ზამთრის სასახლე“ და შენი აღტაცების კოლექცია ფაბერჟეა.(შენც ხომ ზუსტად იცი, წყალს რომ ვერასდროს დანაყავენ)
შენში რა მიყვარს და,- ეგ პეტერბურგული „მუდმივი გარიჟრაჟი“
პატარა რომ არ ხარ და მაინც რომ თამაშობ იმ „ჭვავის ყანაში“
და,- გაქვავებული პორტრეტები დღემდე რომ გაგიჟებენ.

ახლა კი დგახარ და სიგრილემ ხელები წელზე რომ შემოგხვია,
ვიცი რომ როდესმე, ამ ბოლო გრძნობისგანაც გაშიშვლდები.
წოდებას არა აქვს  მნიშვნელობა!-( ვიღაცა მეფეა,პოეტი, ვიღაცა შეიხია).
მთავარი ის არის მიწაზე შენ რომ ხარ და,ცაში კი ის არის,-
მამა-ღმერთი.

Ani matisi    10.04.2011

 

Sozinho ბრაზილიურად

23 May

თვალწინ გიდგამენ კონსტრუქციებს,პაპაი-მაშეს.

ალეგორიულ მარხილებში
ადგილს იკავებ.
აღლუმის ფრთებში შავ უკანალს აგითამაშებს,
ჯერ „მესტრე-სალა“,
გიტარა და კოვაკინიო. 

გაცდი სამბადრომს.გაუყევი რიოს ფაველებს.
(აღლუმის ფორმას გირჩევნია
ძველი ტიარა).
თითქოს არ გინდა იმ ექსტაზურ რიტმში ჩაეფლო,
და მარტოობას საკუთარ თავს,
ძალით ატენი.

ვიწრო ოთახსაც ვეღარ ირგებ სხეულზე,-გიჭერს.
(კორკოვადოზე ხელგაშლილი
მოჩანს იესო).
საკუთარ თავთან,სანამ ბოლო გრძნობას ივაჭრებ,
ძილი გჭირდება,
ერთი კარგად,რომ დაისვენო.

მარტოობას კი,შენს ბალიშთან უჩანს ყვრიმალი.
და თავს გაბეზრებს ისევ თხოვნით,-
ფინჯანი ყავის.
უარს ვერ ამბობ,(თუმც სიფხიზლეს ძილად აყალბებ),
-აი, ინებეთ!
მე ხომ სუნთქვაც,თქვენ გაგიყავით!

Ani matisi

 

 

კოსტა-რიკა და პლატონური სუიციდი

11 Apr

გუშინ გამოვწრუპეთ ვისკის ბოლო წვეთი,-ტუმბლერიდან.
დაქანცულ სხეულზე, ბოლო ფერებისგან შემომაცვდი.
ყელში ამოვიდა ყოველ დღე ეკრანზე სცენები ბატალური
ამიტომ შევიჩვიეთ, ერთგვარი პლატონური სუიციდი.

ანუ გავიქეცით, საკუთარი თავებიდან და ახლა აქ ვართ,
კოსტა-რიკაში, გავყურებთ კორდილიერას ვულკანურ ქედებს.
ჩვენს თავზე, ჩვენი წილი ცა თითქოს ბოლო ღრუბლებად აქნეს
და ვიღაც ქალი ჩინჩილია, ეკრანიდან მორალს ქადაგებს.

მწვანე მაუდით გადაკრულ მაგიდაზე ვასვენებთ სხეულს.
გაჩენილ ვნებას, ბოლო ბურთივით ვტენი ვიწრო ლუზაში.
ვხედავ კადრებად იმ სხეულებს თვალის კუთხეში რომ ინახავ
და ყველა ქალი, ვინც ჩემამდე გყვარებია ,-მაღიზიანებს!

სასტუმრო “four season” და ბოლო ხმაზე უბერავს R a y.
(ტიხრულ ლარნაკში გუარია მორადას ჭკნება ორქიდეა)
და შენი თვალების მღვრიე ფერივით მეც, რომ ავირიე
იმის ბრალია, შენი ღიმილი რომ ქალის სხეულივით ქირავდება.

ბოლო ნაფაზივით ფილტვებში დამიგუბე.-ხოდა გამომიშვი!
ჯიბეში ჩარჩენილ 5 კოსტა-რიკულ კოლონად ნაყიდი სუვენირი,
ხელში შემაჩეჩე. ჩვენი „სიყვარული“ კედელზე გამოკრული შაგალია
ყოველ დღე რომ იპარავ,- და მერე ჩემს სხეულში რომ ასამარებ.

ახლა ისე ვარ სულელურ ფილმზეც რომ ვიტირებდი
არ მინდა შეგეხო, გრძნობები თითებივით გადავმალე.
რასაც ვეღარ ვხედავ ეკრანზე,- ეს ბოლო ტიტრებია
ვსხედვართ დივანზე მე, შენ და შუაში,- ვუდი ალენი.

 

Ibiza – მოგზაურის სამოთხე დედამიწაზე

21 Mar

ბალეარის კუნძულების არქიპელაგი.ხმელთაშუა ზღვა.
Ibiza -როგორც გოა და ბერლინის “liebe parad”
ადგილობრივი „ჯეკი-ბეღურები“ ცხოვრებას იზღვევენ
ნაპირზე,-სადაც მზეს ღრუბელი არასდროს არ ფარავს.

მე,-შავი მონოკინი,თეძოზე გაკვანძული ყვითელი პარეო.
შენ,-შავგვრემან მხრებზე მოგდებულს ატარებ მაისურს,
თვალებით ნარუჯი სხეულის კიდურებს, ქურდივით იპარავ.
-ლაიმის წვენი მინდა!-და შენ მე ამ თხოვნას მისრულებ.

გვიმრები შეზლონგის თავზე რომ ჩრდილებად შეუღლდნენ,
თაფლის თვალები კი,ზღვას ცისფერ ლინზებად ირეკლავს
და მზიდან აწყვეტილი სხივები გვეყრება ღილებად
არ ვიმჩნევთ არც ერთი,-ვსხედვართ და მივირთმევთ კარამელს.

კლუბი “Pacha” -სკენ მივეშურებით მოტოროლერით.
(ნაღებისფერი მზე დაეშვა ჰორიზონტზე ნარმის აფრებად).
კლუბურმა რიტმებმა დედამიწა ხელისგულზე ამოატრიალა
და გაოცებული ჩვენი მზერა გავს ბუდეში ჩიტის შეფრენას.

შენი თვალების 105-იანი ობიექტივი შორს უკვე აფოკუსებს
ტატუირებული გოგოები სტრიპტიზს რომ ცეკვავენ,-ლაკონურს…
ვუკვეთავთ „mohito”-ს და პიტნის ფოთლების მაგივრად ფიკუსი
ამწვანებს Rideli -ის ჭიქას და,- ამდენ ემოციას დაერთო კოლაფსი…

და ასე მარტივად….

გვიმრები შეზლონგის თავზე რომ ჩრდილებად შეუღლდნენ,
თაფლის თვალები კი,ზღვას ცისფერ ლინზებად ირეკლავს
და მზიდან აწყვეტილი სხივები გვეყრება ღილებად
არ ვიმჩნევთ არც ერთი,-ვსხედვართ და მივირთმევთ კარამელს.

 

„სიყვარული ვენახში“

14 Mar

ზანტი ზმორებით ვენახში,ღამე ვნებას ვერ  ასვენებს,
თვალებგანაბული ჭის კარის ქუთუთოს გახრწნაც კი იწამა.
ხეს ტანზე შემოახია,ნუშით მოჩითული სამოსი
მერე თავთუხების გალოკა,-ცამდე აპრეხილი წამწამი.
თითქმის უმწიფარი ხეხილი სველი ტერფებით დათელა.
ცხელი ტუჩებით უკოცნა ატმებს,- ლალღველფი ყვრიმალი.
ღამემ ქარიც კი აცდუნა, ჩუმად შეიტყუა თალარში
ვაზის მელნისფერი მტევნები ,მიწაზე შეაყირამალა.
ჟინი მოერია,ლაჯებქვეშ მთვარე მოიქცია,-მთვლემარი.
კვირტად ამოყრილი კერტები-,სულ სათითაოდ აშიშვლა.
ცხელი სუნთქვით დასიცხა ბალახს ცრემლდაყრილი თვალები.
მკერდად ამობურცულ თივის ზვინს ტანს შემოახია შალითა.
სველი მაჯებით ასწორა მთების ძუძუსთავთან,- ნაოჭი
შიშით თმაგაწეწილ ბოლქვებსაც თავის სურვილი ახარა.
ზეცის მკერდგაღეღილ სხეულზე,ღამე ცივ თითებს აჭენებს
ვნებად ჩაიღვარა დაღლამდე ღამე,-მწიფობისთვის ხაროში.
ნატიფი ზურგი უკაწრა,მხრებში აწურულ ჩირაღდნებს
ვნებას არამყოლი ხეები,ღამემ სულ ელვით გაშოლტა
ბოლოს ქანცგაწყვეტილ მიეგდო და ბოლო კვნესას აჩაღებს
მინდვრად ამოსული ყაყაჩო,-ღამის ქალწულობის ნიშანი!

ანი მატისი  2011წ.

 

„ვალპურგის ღამე“

28 Feb

ამსხვრევს სხეული გამოყვანილ წელში სასმისებს
სიზმრის,და 710 წელს უესექსში ნაბანი მთვარე
ზედ ჩვენს წამწამზე იღვრება და გუდასტვირდება
(შენ)-„შავი“ ფრაკი, (მე)-„ წითელი“ კაბით ვიმოსე-
ბი. და ღამემ ჩვენით ამოივსო თავის სტენდალი.

და წეროების სამკუთხედმაც მხარი გაცვითა.
ვუახლოვდებით ჰარცის მთაზე,- მწვერვალს ბროკენის.
ჩვენ ქარს ვაქციეთ ზურგი და ვსუნთქეთ ღრუბელი.
დავუსხლტდით მიწას,- უცხო ბაღებს ვპარეთ ქაცვი და
ჩვენი არყოფნით დედამიწაც გავაღარიბეთ.

გოთურ თაღებში გატიხრული გონის სიღრმიდან
ჩანს(ცოლის ქუსლქვეშ მოქცეული)დენის ტეტჩერი.
დაუნინგ სთრითის „ლედი“-ჰილდას სულ არ ეგონა,
რომ მისი ქმარი თეთრ მაისურზე წვენს მიიღვრიდა.
ამიტომაც სჯის და ხალხის თვალწინ აყრის საგოებს.

(ფრიად უცნაური)აზნაური, ვინმე ალონსო კეხანა
დგას შუაცენტრში და ნეკა თითით ულვაშს ივარცხნის.
მაკედონელი,- „პელადან“, ტიპუ სულთანის წინ დგება შიშველი.
ლამანჩელი, (თავის კი არა) „ბუცეფალის“ ყოლას იკვეხნის
ალექსანდრეს კი,- „როსინანტის“ ჩრდილი აშინებს.

რაფაელ დე ვალენტინის ვენები კი სისხლის მღვიმეა
ტანზე შემოასკდა მარკიზს, ბოლო ნაკუწი “შაგრენის ტყავი“.
აკმეს ასაკში შესული მონრო ირგებს მონაზვნის სამოსს და
(როგორც ყველგან და ყოველთვის), კენედის ხელში ღვინდება.
„მეფე ლირის“ მარტოობა კი (საკვირველია) აქაც  სამდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  .

ჩვენ ქარს ვაქციეთ ზურგი და ვსუნთქეთ ღრუბელი.
დავუსხლტდით მიწას,- უცხო ბაღებს ვპარეთ ქაცვი და
ჩვენი არყოფნით დედამიწაც გავაღარიბეთ…

ანი მატისი 2011წ.28.02

 

“სამმაგი” ჩაი

24 Feb

როგორც ყოველთვის,ამ საღამოსაც გიდუღებ ჩაის,
მერე შენამდე(ასჯერ გავლილ)ნაბიჯებს ვითვლი.
(უხმოდ,უშაქროდ,მხოლოდ ლიმნით)-გადადგამ ჭიქას.
ლოგინის კუთხის შენ მარჯვენას,მე მარცხენას ვირჩევ
და სიგარეტის ღრმა ნაფაზებით, ვაბოლებთ დილას.

როგორც ყოველთვის,ამ საღამოსაც ვიდუღებ ჩაის.
ჩემი სულიდან,შენს სულამდე ვითვლი მანძილებს.
სახლში არ ცივა (მე მონიტორს მივეფიცხები).
შენი თვალები, ჩემს ჭრელ კაბას როგორ ეჩვევა
მიყვები,- და ახალი დღის გათენებაც თვალებს გვიმძიმებს.

როგორც ყოველთვის(არა მაგრამ)ამ საღამოსაც, მიდუღებს ჩაის
დედა,-და მერე იძინებს.გაგიშვი,-მაგრამ მოვიწყინე.სტიქრებად
ვმოსე ჩემი ფიქრები.მერე უაზროდ გაგიმიზეზდი…
ხო, როგორ მიკვირს,-ეს რა მალე შემოგჩვევივარ
ნეტა ჩემს სხეულს,სულს,გონებას ოდესმე თუ გაეტიხრები?!

 

D R E A M E R S 1968 წ.

21 Feb

აღმართული ბარიკადები და იქვე სორბონი „მოვითხოვთ სიმართლეს“
მიზეზი?!-კაფეტერიებში სპაგეტის პორციის გაზრდა თუ
მარიხუანას მოწევის აკრძალვა.ახალგაზრდობა შევიდა მორალურ ჩიხში და
სად არის დე გოლი?!-(როდესაც სტუდენტებს ამბოხი თავისთან მიათრევს).
შიმშილით არ კვდები!მოწყენილობა საფასურს სიკვდილის რისკით იხდიდა!

ვის ახსოვს პასტერი,ჰიუგო…ქანდაკებები დაფარა წითელმა დროშებმა.
„მოწიე რაც გინდა“,“აკრძალვის აკრძალვა“ და მსგავსი პოსტერები…
მთელი დღის მანძილზე სორბონას ეზოში ჯაზ-ბენდი უკრავს და სიტყვები
რომელიც არავის არ ესმის,ლათინურ კვარტალსაც გადასწვდა.ფანჯრის მიღმა კი მრუშობენ
ფრანგები.არ უსმენ პომპიდუს და როგორც მორიგი სულელი,- ამბოხში ერთვები.

ერთ-ერთი სახლის ფანჯრიდან კი სულ სხვა სამყარო ჩანს,სხვა რევოლუცია.
და აბაზანის სამნაწილიანი სარკე ქმნის იმ ტრიპტიხს
რომელშიც გარყვნილი იზა,თეო და მეთიუ წმინდანებს მოჰგვანან.
შემთხვევით არაა 32 წელს გადაღებულ ფილმებზე თამაში გართობად რომ იქცა,
(იმ დროზე,როცა ევროპას ჰიტლერის სამსხვერპლოსგან ნაბიჯი აშორებს).ასეთი დოგმაა

თუ ვერ გამოიცნობ, სასჯელსაც შენ იხდი! ხოდა დგას თეო და
საეჭვო სიმშვიდით უყურებს მტანჯველ სცენას,(ხო,მისთვის საკრალურს),
როგორ ისაკუთრებს იზას ქალწულობას მეთიუს სხეული.
კვერცხს წვავს ტაფაზე და თითქოს ამ ორთქლზე გონება თბებოდა
მაინც ტკივა,რომ მისი სხეულის მეორე ნაწილი ,მის თვალწინ სხვისდება.

სამი შიშველი სხეულის სუნთქვისგან დაჭმუჭნილ ზეწრებში გრძნობა არეული
გონებაგახდილ ( ევას) გვერდით უწევს უცოდველი და შემცნობი ორი (ადამი)
თვალის კუთხეში გაჩენილ დილის წებოვან მასას. კერტებამოყრილი ენით ეფერება.
და ისე იკარგება ოთახში დაყრილი ტყუპი „შიშველი გონება“და რამლი
როგორც ხელსაბანში მეთიუს შარდისგან რჩება არაფერი!

მთელი დღის მანძილზე სორბონას ეზოში ჯაზ-ბენდი უკრავს და სიტყვები
რომელიც არავის არ ესმის,ლათინურ კვარტალსაც გადასწვდა.ფანჯრის მიღმა კი…

 

წუღამესტები

15 Feb

ოთარ რურუას

ნაკვერჩხლიანი გიყვარს სიმღერა, მღვიძარი მეხრის.
ლექსად მიგიბამს შუქი ზევით,- ღრუბლის ბაგაზე.
კეთილი სიტყვით, ღელის შროშანი თავს როცა მიხრის
იღიმი, თითქოს მაგ ბაგეზე დილა დაბანგეს.

ცივ სიღრმეებში როგორც კალმახი,-სულია შენი.
(შუქი ვერასდროს გააშიშვლებს თევზის ნაირფერს)
უხედნი ლექსებს, პოეზიის მთის თვალად მშვენი
ფანდურის ხმაზე, ცად არწივი ძერას აიფრენს.

სევდა თვალებში,- სარკმლის წინ, რომ გიზის ხუნდებად,
ვიცი რაც გტკივა, (მე რაც მტკივა ეგეც ხომ იცი).
კეთილი საქმით, კარგი სიტყვით გაგიხუნდება,
სახეს-ღიმილი, შენ,- ნაბადად მთები მოიცვი.

ცა-მიტკალია. ერთდროს ჩვენით მიტოვებული.
კალოზე უფალს ჩვენი ფიქრი შეუკრავს ძნებად.
ერთი სოფლიდან მეორეში გადააქვს ტივით
მზე ამოსულა ყანიდან და,- ცის ჭრილში ძვრება.

გამშრალ სიმინდის და კვამლის სუნი აუდის სოფელს.
არწივი ღრუბელს ნისკარტს გაკრავს,-ნესტიანდება…
შენ კი მზენასუნთქ მაგ შენს სითბოს მარცვლებად მოჰფენ,
გმოსავს სამოსი, პოეზია-წუღამესტებად!

 

გუილა ჰალასი (ბრასაი), იგივე “პარიზის თვალი” ანუ ფოტოალბომი ლექსად

05 Feb

პარიზის სამხრეთი. სენის მარცხენა სანაპირო. ოლქი მე-14.
რასპაის ბულვარის კვეთა და იქვე, – მონპარნასი…
პარიზულ ოტ-კუიზინზე ბრმად შეყვარებული ჩამოდის ბრასაი და,-
ქალაქიც გაჟღენთილა ფერფლად ქცეული გი დე მოპასანით.
გზა მართლაც რთული იყო ტრანსილვანიის ქალაქ ბრასოდან…

სადგური მონპარნასი. გზა გრანვილიდან-ტულუზამდე და მერე, უკან.
ქალი შეიხდენს მაცდურ პროფილს დამტყდარი ცეკვის.
ხმაურს სადგურზე ფანტავს ნელი სუნთქვა და ცეკვა “gavotte”,
შავი კაბის ქვეშ დამალულ კერტებს, გუილა ჰალასი თვალებით ეკვრის.
ობიექტივის მიღმა კი დილემა: ან უნდა იცეკვო ან უნდა გალოთდე!

სახელოსნოში მზემ ყველა სარკმელს ჩაუხსნა ღილი.
“ჟილოს პორტრეტი”,-ხატავს პაბლო და კოცნის საფეთქელს…
დაჰყურებს,- მერე თაფლისფერ გუაშს მიაწვდის ღმერთი
და თითქოს მხატვრის გული ამ ტილოზე უნდა აფეთქდეს,
მზედაუშრეტელს ეხლა წითელ ღვინოში ერთვის…

კრეპ სუზეტი და თუნდაც პეშ მელბა.”ღამის პარიზი”და პოეტთა კაბარე.
ფარგი და პრევერი სასმელს მიირთმევენ (პორტვეინს მაღალი ფასი აქვს).
ჰენრი მილერი შემოდის კარიდან და ისევ ”კირჩხიბის ტროპიკი”. დილემა:
“ბიგ სური” განიხილონ ისევ თავიდან (იცნობენ მილერის ხასიათს),
“ვარდისფერი ჯვარცმა” თუ ყველაფერს აჯობებს ბოჰემა დილამდე.

მაღალ ბაკლებს გამშრალ ყელში ადგება ნერწყვი.
და ქალ მარგალიტს,- ნიჟარაში დარჩენილს უბრად
კაბარეს ცხელი სუნთქვა უხსნის საკინძეს და,- უხმობს გარსონს დანანებით:
- იქნებ მომართვათ “სოვინიონი”, (არ ვეტანები სიტკბოს და ნუგბარს!)
- გირჩევთ. “პერინიონის სახლის”, pinot noir-ის ჯიშის ღვინოს (მცირე ტანინებით).

პარიზის სამხრეთი. სენის მარცხენა სანაპირო. ოლქი მე-14.
რასპაის ბულვარის კვეთა და იქვე, – მონპარნასი…

p.s- გუილა ჰალასის ფოტოების მიხედვით

 
 
23/0.262