RSS
 

ანა კალანდაძე

შეხვედრა ლუდით შემთვრალ თორღვასთან ახიელში

08 Sep

aluda qetelauri – mogwons arxveti by qartuli leqsebi

მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ძალო!
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!
შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა…
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
ხალხ ცოტა იყო, – წელს არ მოვიდა მეძღვნე…
რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო?
ჩემს სალოცავებს… სანთელ მე უნდა ვუნთო,
მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,
მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი…
მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!..
თუ… ვინ გაღონებს? ხმალზე ავაგებ, ქალო,
რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა…
მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს,
წავა ბარუქას, ათენგენაის მადლმა!
ხვალე გაჩვენებ კიდეგანაის მყინვარს, -
იმისი მუხლი მოსდევს არაგვისწყალას…
ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს:
ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო!
ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს, -
ცხვარი იქა მყავ (თუ ხევში სად არ ჩავრჩი…)…
ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი,
როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალში!
გნახე მშვიდობით… ცა ჩირახივით ბოლავს -
ნილსები დიან… ქვექვური ჯვარის ძალო!
არ-კი გეწყინოს, – ლუდ მაუბნებდის ასე,
ჩემ ათი შვილის გახარებამა, ქალო!

 

ფეხი დამადგით

04 Sep

ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
ვისურვე დავით…
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით…
–ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი “ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“….
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
–ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა…

 

მოდიოდა ნინო მთებით

02 Jun

ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა… და,
როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე…
მიეძინა… ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო;
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო…
გაეღვიძა… წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…

1945

 
 
23/0.220