შენ დარე გქვია.
დედაჩემი, ჩემი დედა ხარ.
მე – შენი შვილი, ნიკოლოზი, დიდება უფალს!
მე არ მინდოდა, რომ შენ ასეთ დღეში გენახე,
მე არ მინდოდა, აგვსებოდა ცრემლებით უპე.
მე მახსოვს ის დრო, სხვანაირად როცა ვიყავით,
სულ სხვანაირად… სხვანაირად თბილოდა მაშინ
ჩვენს სახლში… მახსოვს (კარგად მახსოვს), როგორ ვიდავეთ
იმაზე, რომ მე აღარა ვარ პატარა ბავშვი.
არადა, ახლა რომ გიყურებ დილით მიმავალს
სამსახურისკენ, შეციებულს და წელში მოხრილს,
მე ვუბრუნდები იმ საღამოს, სწორედ იმავეს,
როცა დიდივით გაგეჯგიმე, ხმა დავიბოხე
და გადმოგხედე მედიდურად (არ მეცინება). Read the rest of this entry »
ლექსები დედაზე
შალის წინდები
დ ე დ ა
შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს,
დახარე თავი ყველა ცოდვაზე.
მინდა ბოდიში რომ მოგიხადო.
ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე.
იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს,
იტანდი ზიზღით აღსავსე სიტყვებს.
როგორ არ მინდა ვიფიქრო ასე
ვერ გავექეცი შემზარავ ფიქრებს.
შენ მე მასწავლე ის სიყვარული
რომლითაც ახლა სხვა უნდა ვათბო
ვიცოცხლო მისთვის, ვისუნთქო მისებრ
და თუნდაც მისთვის სიცოცხლე დავთმო.
რამდენჯერ ცრემლით ბალიში სულ მთლად
დასველებული გქონია მალვით
მე ახლა ვნანობ, მე ახლა ვხვდები
შენს კალთას უნდა ვემთხვიო კრძალვით.
გინდოდა ჩემში ვარდების კრეფა.
ყველა იმედის ახდენა გსურდა
მაგრამ მე თვითონ ჩემს სულში ჩუმად
დასახლებული დემონი მძულდა.
გულგატეხილი აღსავსე დარდით
თვალებს გიწვავენ ცხელი ცრემლები
გინდა უსიტყვოდ გულში ჩამიკრა
მომხვიო შენი თბილი ხელები.
შენ ხომ ყველა დღეს ჩემით იწყებდი
ლოცვით ირჩენდი გულის იარებს
წუთისოფლისგან ფეხქვეშ თელილი
სწორ გზაზე ვინღა მომატრიალებს ?
დავკარგე ძალა, გამიქრა სითბო,
ვიცი, ჩაგიქრე ყველა ღიმილი.
ამ თვითმკვლელობით მე მოგაყენე
უკანასკნელი, მძიმე ტკივილი.
ჩემი ნენე
დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.
დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.
თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ – ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.
დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს…
ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.
დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.
ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი – ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!…
ავტორი:როინ აბუსერიძე
Roin Abuseridze
თვითმკვლელის წერილი დედას
დედა შენდამი კითხვა გამიჩნდა
რად შემასწავლე მე სიყვარული
გესწავლა ჩემთვის მტრობა და შუღლი
ხომ არ ვიქნებოდი დღეს ასე ტანჯული სული
დედა იცი მე უკვე დამავიწყდა ის ვინც მიყვარდა
ის ვისაც ვუყვარდი ისიც კი ვისაც ვძულდი
ალბათ იმიტომ რომ დღეს აქ აღარ ვარ
ვეღარ განვიცდი მე გრძნობებს ადამიანურს
თუნდ ქალვაჟური თუნდ მეგობრული
უკვე სულერთია ჩემთვის ყველა სიყვარული
აღარ ვეკუთვნი იმ სამყაროს
სადაც ცოდვა მეფობს ადამიანზე
ეხლა მარადისობის გზებზე დავდივარ
და მხოლოდ იმისთვის ვტირივარ რომ ვიყავ ადამიანი
დავბადებულიყავი ნეტავი ლომად
ხომ ვიქნებოდი მეფე ყველა ცხოველთა სულის
მტანჯავს ეს ჩემი თავი ურჩი
და ჩემი საქციელი მტაჯნველი სულის
ვტირივარ მწარე ცრემლებს ვღვრი
მაგრამ გვიანია უკვე ეს სინანული
ეხლა იმას ვფიქრობ ნეტა და როდის
დავიფერფლები ამ ჯოჯოხეთის ადუღებულ კუპრში
ვერ გამიგია ბედმა ასე მწარედ რად დამცინა
რად გამწირა ასეთი ხვედრისთვის რად გამიმეტა
სიკვდილს ვითხოვდი და ჩემი თხოვნა დაკმაყოფილდა
თუმც ჩემი ხელით მაგრამ მაინც გარდავიცვალე
ეხლა ვნანობ ძლიერ მე ჩემ საქციეელს და
ეხლა მკვდარი ისევ სიკვდილს ვითხოვ.
მიუთითეთ ავტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება საიტზე დამატება თქვენი გამოქვეყნებული ლექსების.
საიტის ადმინისტრაცია
დედა
როს „არას“ ნაცვლად – ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.
ახლა, – ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.
დედის ცრემლი
ბავშვობაში ჩემთან ერთად ტიტინებდა,
ჩემი თოთო ნაბიჯების უტყვი მცველი.
ვიტირებდი? –
ალბათ, ისიც იტირებდა…
ჩემს ლოყაზე შედგებოდა
დედის ცრემლი.
ახლა როცა,
მწუხარებამ ამატირა,
როცა სულში მომღერალი გედი ვნახე,
როცა ჩემი სიხარული გამარტივდა,
სიზმრად ისევ წარმომიდგა დედის სახე:
ჩემს საწოლთან ქვითინებდა დედაჩემი,
თუ შენიშნა:
„ბავშვი მშვიდად რომ არ იყო“…
გამეღვიძა,
ლოყას წვავდა ცხელი ცრემლი,
ნეტა მართლა,
დედის ცრემლი ხომ არ იყო?
დავით ახლოური
დე, იცი…
დე, იცი…
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი…
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი…
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი…
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე…
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი…
გაზაფხული მოვიდა მგონი..
მაკა
–დე…
დედა
შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად
დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.
გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.
უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
ბავშვის თვალებით ვხედავ.
იმედიანი დღე ხვალინდელი
ვინ გამითენოს ნეტავ?
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი
მაღლა-ღმერთი, აქ-დედა…