leqsebi logo
RSS
 

Archive for the ‘გიორგი ზანგური’ Category

ქურდი

15 Nov

ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო
ისე თამამი და კალმახური
ტანზე არ მაკმარა საბანი და
თავის სიმხურვალეც დამახურა.

ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები,
როგორც ქალწულობის მიტოვება,
ჩემზე გაიზმორა დალოცვილი
ისე ვნებიანად იტორება?!

სუნიც ისე ჰქონდა ალესილი-
ველურ ყვავილების სატევარი
ჩემდა უნებურად გავიფიქრე
“ღამე გამიხდება სათევარი”.

ისე დამათენა ამბორები,
ისე გადიპარა აივნიდან,
მისი უტაქტობის მონატრება
ვიცი არასოდეს გაივლიდა
დამმშვიდობებოდა მაინც!

 

ვურჩიოთ რამე

06 Oct

ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის. Read the rest of this entry »

 

სურვილების ყულაბა

30 Sep

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. Read the rest of this entry »

 

ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია

18 Sep

ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან,
ვიცი ტუჩებიდან ამბორს ამათლიან,
ქალაქს წვიმაში რომ მხრებზე ეცემოდა.

ღრუბლის აივანზე სხივის გამოფენას,
ჩრდილებჩამოწელილ კედლის ავარიას,
მზისკენ დედამიწის ყოველ გამოფრენას
წარსულუქონელი აწმყო აბარია.

ხვრეტდა ხელისგულებს ცერით ბალერინა,
ღამის სიგარეტი მალე იწეოდა
და მე ვიხსენებდი, შენი მანერიდან
ქალის სიფაქიზე როგორ იქცეოდა.
Read the rest of this entry »