leqsebi logo
RSS
 

რომ შემეძლოს

23 Apr

ახლა მოვკვდებოდი… (ბევრჯერ დამიწუნეს
წერა სიკვდილზე და, მაინც მეწერება)
გულზე დავიწყობდი მინდვრის თაიგულებს, –
ღიღილოების ან, მშვიდი ენძელების…

მზერას გავატანდი წყაროს სამღარიანს,
ღიმილს – მაისის ქარს, – ხეებს დაურიგოს.
სადღაც ნიკორები მიწას ჩაბღავიან…
დები იტირებენ ალბათ “ძამულიკოს”.

მერე დაიწყება წლები დავიწყების,
ცელით დაატყობენ მიწას ნაბილიკარს…
ძვლები გათეთრდება, – დედის საფიცრები,
მხრებში მოიხრება ძველი ბაზილიკაც.

მეხი დააფეთებს სადღაც მიკიოტებს.
(ნატვრით როდის იყო, გზები მოკლდებოდნენ!)
მე ახლა მზისკენ უნდა მივდიოდე,
ჩემი კლდე-ბილიკით უნდა მივდიოდე,
ხევებს და ქარიშხლებს უნდა მივკიოდე,
თუმცა… რომ შემეძლოს, ახლა…

მოვკვდებოდი…

 
კომენტარები

Posted in ნუკრი ბარათელი