ლეველ1
ლეველ3
RSS
 

* * *

29 Aug

დროის გრძელ სუფრაზე ნადიმობდა თურმე სიკვდილი,
ვეღარ ძღებოდა, ხელებს ატანდა ყველა კერძს ხარბად,
სიცოცხლე იდგა მერიქიფედ, ავსებდა უმალ,
სიკვდილისაგან მუსრგავლებულ დროების ტაბლას.

სიკვდილი ჭიქას ჭიქაზე ცლიდა,
არ იღლებოდა, არცა თვრებოდა,
დილით შესვავდა მზის სადღეგრძელოს,
ღამით მთვარესთან ერთად ღრეობდა..

მზე სიკვდილისგან ნადღეგრძელები,
სიცოცხლეს სხივით ეფერებოდა,
მთვარე დამთვრალი სიკვდილთან ერთად
სიცოცხლეს ხათრით მზედ ექცეოდა.

მკრთალ სხივს ჩუქნიდა, მზის ვერ სადარებს,
მაგრამ სიცოცხლეს შუქად ნაკმარებს.
ღამეს დღე ცვლიდა, დღეს ისევ ღამე,
დარი ავდარებს, ავდარი დარებს.

დრო გადიოდა, სუფრაზე სიკვდილს
სიცოცხლე ედგა კვლავ მერიქიფედ.

14.08.09

 

ლექსო ამოგთქომ

25 Aug

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი, ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე.
შენ, ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე…
ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასა ვფიქრობ და გულიცა
ამასვე ანამდვილებსა.
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს,
ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაახლინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაათირებსა,
მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა,
დედას უყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

1919 წელი. ბარისახო.

 

ტაძარში

25 Aug

გულმა გაგიხსენა, თვალებმა კი არა
გული ნაღვლიანობს, თვალები კი არა
მაგრამ თვალთაგან ცრემლმა იარა
თვალი ჩანდა და გული კი არა.

ასე იყო და ასე იქნება,
და მიკვირს რატომ არ გეფიქრებათ
რომ არ აკლდებათ გულებს იარა
რომ თვალს ამჩნევენ, გულებს კი არა.
გულმა გაგიხსენა, თვალებმა კი არა.

 

მე სიფრიფანა პატარა ქალი

25 Aug

მე სიფრიფანა პატარა ქალი,
შენ გოლიათი ჩემგან ძლეული…
შენ თუ თვლი რომ შენ დამადგი თვალი
ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.
ფერად სათვალით მე არ გიყურებ,
ალბათ არც შენ გაქვს ჯადოქრის ჯოხი,
მოდი და მხრებით გადმომახურე
დიდი იმედის პატარა ქოხი…
მე ვარ ტკივილი დიდი და მცირე
მე ვარ შენს ირგვლივ-ახლოც და შორიც
მე დაგრთე ნება რომ იყო ხიდი,
ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს
შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული…
შენ რომ გგონია შენ ამირჩიე,
თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული

 

შენ

25 Aug

ამ ლაჟვარდ მთებში სიყვარულით ანთებულ თვალებს
ჰშვენის ლამაზად გამოხედვა და ცერად მზერა,
მშვენება შენი ყველა ვაჟკაცს მოჰკიდებს ალებს,
გული მათი კი უმალ ხდება პლანეტის ხელა.

შენს ლამაზ ხმაში მე უმალვე ვპოულობ შვებას
ჩემში კი მოსჩანს შენზე ფიქრში დიდი ვარამი,
და ვერასოდეს ვერ ვიტანდი უსაქმოდ გდებას,
ჩემი სიკეთე ყველასათვის იყოს არამი.

გეტყვი ამ ლამაზ ქვეყანაზე ერთხელ მოსული,
რომ შენს მშვენებას მე დავხარბდი და ისევ მოვალ,
და ამ საწუთროს ულმობლობით ნატანჯი სული,
გაივლის ყველა ბეწვის ხიდს და შენთან მოვა.

გეტყვი ჩურჩულით, რომ შენს ჭკვიან, ცეცხლოვან თვალებს
ჰშვენის ლამაზად გამოხედვა, შველივით მზერა,
საამო ხმას კი ვერ შევადრი _ ვიღაცა ქალებს,
მწვავს წარმოთქმული შენი სიტყვის ყოველი ბგერა.

 

მე რომ წავალ

22 Aug


მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას …

 

სადღეგრძელო

12 Aug

აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს,
დაასხით ღვინო!
საქართველოს სადღეგრძელო
უნდა დავლიო!
ჩემი კახეთი;
ჩემი შილდა;
ჩემი ხუბერა.
ყმაწვილკაცობის,
იორღობის,
წლებმა უბერა.
ძველი შუამთა,
ალავერდი,
ჩემი თელავი.
წითელი კაბით ერთი გოგო,
გრძნობის მთელავი.
თვალებს ამშვიდებს,
გულს აჩქროლებს,
ალაზნის ველი.
მარტის გაზაფხულს
ნადიკვრიდან
მე ისევ ველი.
მოიტათ ჭიქა,
რომ კახეთის სადღეგრძელო
შევსვა,
დავლიო,
წუთისოფელი სიყვარულით
მთვრალმა გავლიო.
აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს,
მომეცით ყანწი,
ამ ცხოვრების სადღეგრძელო
მინდა დავლიო!

 

ხევსურეთს!!!

12 Aug

კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს.
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არდავიწყება უნდა!
ასა, არღუნი, ანდაქი,
პირიქითაი ხევები,
უნდა მივხედოთ, ანდა კი
მას წაგვართმევენ დევები.
ღმერთო, მაჰხედე ხევსურეთს,
საკლავებ იკლას ხატობას;
არ მახკლდებოდეთ ხევსურებს
ჯიხვის რქა, ლუდი, დათრობა;
სანეს იღრეონ ვაჟებმა,
ათენგენას სცენ თაყვანი;
ხმალ ატრიალოს მაჯებმა,
მტერს არ ვეგონოთ ჯაბანნი;
ქალებს ექსოვოთ ფარდაგი,
ჭრელა-ჭრულაი ნოხები;
სალოცავს ხყავდეს ქადაგი,
საძოვარს ცხვარი ძროხები;
ცხოვრება მიჰქრის ტიალი,
გაჭენებული ცხენივით;
ადათთა ორომტრიალი
წარსულს ეცემა ბერივით;
კიდევაც ვნახავ ხევსურეთს,
კიდეც ვილოცებ გუდანს;
მთაში დარჩენილ ხევსურებს
არდავიწყება უნდა!!!

 

ცრემლიანი თვალებით

12 Aug

მინდა რომ შენი მონატრება ვიყო უსაზღვრო,
ფიქრობდე ჩემზე დღეში თუნდაც სულ ერთი წამი,
არ მემეტები იმისათვის, რომ ცრემლი ღვარო,
მე შენ მიყვარხარ, სიყვარულში – ეს მე ვარ ხამი.

მსურს მონატრება შენი ვიყო მე უსაშველო
და სურვილებში ლანდად გედგეს ჩემი აჩრდილი,
როგორ მინდოდა, რომ ამ ქვეყნად სულ ერთად გვევლო
წადილი დარჩა ასე, ჩემგან არც კი განცდილი.

მენატრებოდი და ყოველ წამს მელანდებოდი,
სული განიცდის დადაგული გულის ტკივილებს,
მე რომ მიყვარდი – შენ წუთით არ გაგონდებოდი,
ჩემი სიკვდილი შეწყვეტს თქვენთან მწარე ჩივილებს.

მოგაგონდები, ისევ შეჰკრავ წამით გრძელ წარბებს,
აგეტირება, ტირილი რომ არ გენდომება,
ზეცის აწყვეტილ ცხოვრებიდან ვამტვრევ დარაბებს
ცრემლიან თვალებს დაგიკოცნი და გეამება.

შენს სიყვარულში საუკუნეს რომ ვაცილებდი
ობოლი სულის კივილს მუდამ განიცდის გული,
ზეცის მონაბერ მე შენს სუნთქვას ვაყვავილებდი,
და ნათელ ღამეს ვარსკვლავებში ვწან თაიგული.

მიმაფრენს რაში – ილეწება რაც მხვდება გზაზე
მივუახლოვო მინდა ზეცას აწვდილი ხელი,
ღამის წყვდიადში ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე
მე ცისარტყელით გამოვსახე შენი სახელი.

 

დასრულდა ცრემლებით ბანალურად

04 Aug

დასრულდა ცრემლებით ბანალურად
ერთი სიყვარულის პრემიერა,
პირქუში სიზმრებისთვის გამიმეტე
ასე თავნება და ნებიერა.
არადა, ღმერთმანი, თავი მომწონს,
მართლა კარგი ვარ და სასურველი,
მიკვირს – ადექი და შემელიე,
მიკვირს – უჩემობას გაუძელი…
ვაი – შენ თორემ მე რა მიჭირს,
მე ჩემს ტყე-უღრანებს გადავლახავ…
შენებრ გონიერი იმდენია,
ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ